არჩევნები
TI ზუგდიდის 94-ე უბანთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #94 უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. გადაწყვეტილება ორგანიზაციამ მას შემდეგ მიითღო, რაც ეს მოთხოვნა არც საოლქო საარჩევნო კომისიამ და არც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია, რადგან, მათივე მტკიცებით, საკითხი სათანადოდ არ არის შესწავლილი.

"შეგახსენებთ, რომ არჩევნების დღეს ჩვენმა დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. პროტესტის გამოხატვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს ჩვენი დამკვირვებელი, სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ამ საკითხზე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კომისიის წევრს ხელში ნამცხვრის რეცეპტი ეჭირა და მისი მხრიდან საარჩევნო ყუთში ბიულეტინების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია", - აღნიშნულია TI-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განმარტებით, "გამჭვირვალობის" საჩივარი ფაქტების არარსებობის გამო არ დაკმაყოფილდა. იგივე გადაწყვეტილება დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის #94 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის შესახებ საჩივარი არ დაკმაყოფილდა
Print