ახალი ამბები
შს მინისტრი ხეთაში მომხდარ აფეთქებაზე: გამოვიძახეთ რეანიმობილები და იმედი მაქვს, რომ ბავშვებს გადავარჩენთ
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები, რომლებიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები, მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მასთან ერთად ჰოსპიტალში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექანდრე მოწერელიაც იმყოფებოდა.

„ზუსტად რა მოხდა ვერ გეტყვით, არ გვქონდა საკმარისი დრო ამისთვის. რაც შეეხება დაშავებულების მდგომარეობას, მძიმეა, ჩვენ გამოვიძახეთ რეანიმობილები და იმედი მაქვს, რომ ბავშვებს გადავარჩენთ. სულ დაშავებულია 7 ადამიანი, ერთი ოჯახის წევრები. მე ვესაუბრე ოჯახის მამასაც, რომელიც ყველაზე მსუბუქ მდგომარეობაშია და არაფერი სერიოზული არ სჭირს. როგორც ჩანს მათ აერიათ საწვავი და ცეცხლის ასანთებად ბენზინი გამოიყენეს, რამაც აფეთქება გამოიწვია. ვფიქრობ, რომ „ევექსი“ და ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ოჯახის ყველა წევრი გადავარჩინოთ, პირველ რიგში ბავშვები. შესაბამისად, ამიტომ ხდება რეანომობილების მობილიზება მთელი დასავლეთ საქართველოდან. იმედი მაქვს, რომ შედეგი ყველა ჩვენგანისთვის პოზიტიური იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აფეთხება ხეთაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დღეს საღამო მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიწვა სახლი და დაშავდა 7 ადამიანი. გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფთხილებლობით გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ხეთაში ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. 
Print