ახალი ამბები
აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები ზუგდიდში უფასოდ მოემზადებიან და იცხოვრებენ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აბიტურიენტების მომზადების პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების შეთავაზებას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტები მომზადებას თბილისსა და ზუგდიდში გაივლიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციას სტუდენტები ესწრებოდნენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ.

„ეს ბავშვები ძალიან რთულ ვითარებაში სწავლობენ. ისინი მართლაც გმირები არიან. ამავდროულად ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებენ. გვინდა მომავალში მეტად შევუწყოთ ხელი, რომ კიდევ უფრო წარმატებულები იყვნენ. მათ ვესაუბრე ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე, რომლის იმპლემენტაციის პროცესი სწორედ ახლა მიმდინარეობს და წლის ბოლომდე საკანონმდებლო, ინფრასტრუქტურული, ფინანსური და საკომუნიკაციო ნაწილი დასრულდება. მათთან განსაკუთრებული სიახლით მოვედი, რომელიც მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება. მოგეხსენებათ, მათ სასკოლო განათლების მიღება ძალიან რთულ პირობებში უწევთ. გალსა და ახალგორში ეს პროცესი შეფერხებულია, რადგან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ. სწორედ ამიტომ სახელმწიფო მსურველებს სრულიად უფასოდ და უგამოცდო მოსამზადებელ ცენტრს შესთავაზებს, სადაც ისინი სხვადასხვა სასურველ საგანში მოემზადებიან და შემდეგ გამარტივებული წესით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან. ეს პროგრამა მოქმედებს არა მხოლოდ ეთნიკური ქართველებისათვის, არამედ ოსებისა და აფხაზებისათვისაც, ვინაიდან კურსები სხვადასხვა ენაზე წარიმართება“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

პროგრამის საპილოტე ვერსია 2019 წლის თებერვლიდან ამოქმედდება, ხოლო ამავე წლის სექტემბრიდან სრული კურსი შევა ძალაში. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ის ახალგაზრდები, ვინც პროგრამაში ჩაერთვებიან, საცხოვრებელი პირობებითაც უზრუნველყოფილები იქნებიან.

Print