ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშია: ხალხს წაართვეს პური და დაუტოვეს მხოლოდ საზიზღარი სანახაობა (ვიდეო)
მოძრაობა "სამეგრელოს ხმის" ხელმძღვანელი და ყოფილი დეპუტატი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. ჯგუშია ამბობს, რომ არცერთი კანდიდატი არ იმსახურებს ხალხის ნდობას. მისივე თქმით, არჩევნებზე მივა, თუმცა ხმას არცერთ კანდიდატს არ მისცემს.

"გამარჯვების შემდეგ ვერცერთი პრეზიდენტი ეროვნული გამაერთიანებლის ფუნქციას ვერ შეასრულებს. მე არ ვაპირებ საზოგადოებას მოვუწოდო, რომელიმე კანდიდატი შემოხაზონ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ და წინა ხელისუფლებამაც ხალხს წაართვეს არჩევანის უფლება. დაიღალა ხალხი, ხალხი არის უკიდურესობაში. ამათმა ხალხს წაართვეს პური, წაართვეს არჩევანის უფლება და დაუტოვეს მხოლოდ საზიზღარი სანახაობა",- თქვა ჯგუშიამ.
alt
ის შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს სახალხო ჯგუფების გააქტიურებაში ხედავს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სწორედ მათ დაიბრუნონ ძალაუფლება.

"ამ უბრალო საზოგადოებამ, ინტელექტუალურმა საზოგადოებამ უნდა დაიბრუნოს ძალაუფლება. მომავალი უნდა იყოს უპარტიო საზოგადოებრივი ჯგუფების, რომელებიც ისწავლიან მართვას, თვითმმართველობაზე კონტროლს და ისწავლიან არა ცენტრის კომპლექსით ცხოვრებას", - აღნიშნა მან.



ჯგუშიამ ასევე გააკრიტიკა შს მინისტრი გიორგი გახარია. მისი თქმით,  მინისტრის ზუგდიდში ყოფნის მიუხედავად დღე არ გავა,  რომ დანაშაული არ მოხდეს. მან დღეს უწყებაში არსებული სიტუაცია ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს შეადარა და აღნიშნა რომ მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავს.

Print