ახალი ამბები
ანაკლიის 32-ე უბანზე გრიგოლ ვაშაძეს 19, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 10 ხმა დაემატა
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი  32-ე უბანზე გადასატანი ყუთის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა. აღნიშნულ საკითხზე კომისიამ იმსჯელა და დაადგინა, რომ ბათილობის საფუძველი არ არსებობდა. როგორც რადიო "ათინათს" კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა უთხრა,  კენჭისყრის დღეს, 91 -ე უბნის ამომრჩეველმა, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო, 32-ე უბანზე მისცა ხმა, თუმცა იმის გამო, რომ ერთი ხმა არაფერს წყვეტდა, გადასატანი ყუთის შედეგები არ გაბათილებულა. იმ რეგისტრატორმა კი, რომელსაც ჰქონდა გადაცდომა, სიტყვიერი შენიშვნა მიიღო.

"ოლქმა თავიდან გახსნა ყუთი, გადავითვალეთ, სულ 30 ბიულეტენი იყო, აქედან ერთი ბათილი, 19 ხმა მიიღო პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, 10 კი - სალომე ზურაბიშვილმა. ეს მონაცემები დაემატება ძირითადი ოქმის შედეგებს", - თქვა მესხმა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მომჩივანი მხარე არ ეთანხმება. საია-ს იურისტის ჯემალ ჭკადუას თქმით, ამით საოლქო კომისიამ არაუფლებამოსილი პირის მიერ მიცემული ხმა დაითვალა ნამდვილ ბიულეტენებთან ერთად და ჩათვალა, რომ ეს არ იყო მნიშვნელოვანი დარღვევა.

"ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, რადგან ამით ოლქი ამბობს, რომ თურმე, შეიძლება მოხდეს ისე, რომ არაუფლებამოსილმა პირმა მისცეს ხმა. ეს არის მეორე ტური და თითოეულ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე ვფიქრობთ, თუმცა ჯერ არ გადაგვიწყვეტია",- ამბობს ჭკადუა.

საოლქომ სულ 10 საჩივარი განიხილა, რომელიც ოპოზიციური პარტიებიდან კომისიის წევრების  მხრიდან  წილისყრებში მონაწილეობასა და უკვე გამოვლენილ ფუნქციების შესრულებაზე უარის თქმას ეხებოდა.

დღეს კომისია სამ საჩივარზე იმსჯელებს, მათ შორის, ერთ-ერთი 20-ე უბანზე სამაგიდო სიის დაკარგვასთან დაკავშირებით დაწერილი საჩივარია.

ამავე თემაზე:

მე-20 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე: არ ვიცი, ვინ მოიპარა სია (ვიდეო)


Print