ახალი ამბები
რომეო საჯაია: უბნის თავმჯდომარეს არ დავმუქრებივარ, მივწერე, რომ კანონის წინაშე აგებდა პასუხს
ზუგდიდის ყოფილი პროკურორი რომეო საჯაია კატეგორიულად უარყოფს მეოცე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის სალომე წულაიას ბრალდებას მის მიმართ მუქარასთან დაკავშირებით. საჯაიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მან წულაიას წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ის არჩევნების გაყალბებისთვის პასუხს აგებდა კანონის წინაშე.

„მე ვადანაშაულებდი მას არჩევნების გაყალბებაში და ეტყობა, შეეშინდათ, ანერვიულდნენ და ეს ძალიან კარგია, შემდეგში ვერ გაბედავენ გაყალბებას. ვაპირებ, მსგავსი წერილი მივწერო ყველას, ვისაც რამე სახის მონაწილეობა აქვს მიღებული გაყალბებაში. არ ვიცი, რატომ აღიქვა ეს მუქარად, თუ ეშინია სასამართლოს, გამოძიების, პროკურატურის, ეს ძალიან კარგია. ამ უბანზე სია მოიპარეს, დაიკარგა და ახლა ეს განცხადება მოაყოლა ალბათ, რომ თავი გაიმართლოს. დიახ, არჩევნების დღეს გვერდზე ოთახში ესაუბრებოდა გუბერნიის თანამშრომელს იმის შესახებ, რომ ბიულეტენები იყო ჩაყრილი, სიაში უფრო ნაკლები იყო ადამიანი და ასე შემდეგ. ამიტომაც დაიკარგა სია... ამ უბანზე მისი თაოსნობით გაყალბდა არჩევნები. ძალიან კარგია, რომ დანაშაულის ნიშნები ნახა შსს-მ და მოქმედება დაიწყო“, - აღნიშნა საჯაიამ.

alt

მისი მტკიცებით, საჯაიას წულაიასთვის სხვა არაფერი მიუწერია.

ზუგდიდის #20-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე სალომე წულაია აცხადებს, რომ მას ყოფილი პროკურორი რომეო საჯაია ემუქრება. წულაიას თქმით, ის მუქარის შემცველ წერილებს სხვა პირებისგანაც ღებულობს. კომისიის თავმჯდომარე პოლიციაში განცხადების დაწერას და ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. წულაიას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

ამავე თემაზე:

პოლიციის სამმართველოსთან მამუკა წოწერია მივიდა
Print