რეგიონი
სამეურვეო საბჭომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი არ გაათავისუფლა (ვიდეო)
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ განათლების სამინისტროს რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და დირექტორი ია კერზაია თანამდებობაზე დატოვა. ისინი აცხადებენ, რომ აუდიტის დასკვნაში აღნიშნული დარღვევები გამოსწორებადია, რაც არ შეიძლება გახდეს დირექტორის გათავისუფლების მიზეზი. მათივე ცნობით, შესაბამისი წერილი სამინისტროში უკვე გააგზავნეს.

მასწავლებელი და საბჭოს ერთ-ერთი წევრი შორენა ხობელია ამბობს, რომ შემოწმების დროს სკოლაში წყლის პრობლემა იყო და სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების მოსვლა. მისივე თქმით, ეს დირექტორის პრობლემა არ იყო, რადგან ჭაში წყალი ერთი თვის განმავლობაში დამშრალი იყო და ამის შესახებ დირექციამ ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსში ჩააყენა.

alt
"სამეურვეო საბჭო შეიკრიბა და განვიხილეთ, რა დასკვნა მოვიდა სამინისტროდან. რა თქმა უნდა არცერთი ჩვენგანი არ ეთანხმება იმ გადაწყვეტილებას, რაც იყო მიღებული. შესაბამისად, შევადგინეთ დოკუმენტი, გავაგზავნეთ და ველოდებით სამინისტროს რეაგირებას. აქ არანაირი დარღვევა არ ყოფილა და რაც დასკვნაში წერია, არ შეიძლება დირექტორის გათავისუფლების მიზეზად ჩაითვალოს", - აღნიშნა შორენა ხობელიამ.

აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი ნანა ძიძიგური და ამბობს, რომ გადაწყვეტილება დირექტორის სკოლიდან არგათავისუფლების შესახებ ერთობლივად მიიღეს.



"ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი. არ ვეთანხმებით იმას, რაც აუდიტის დასკვნაში წერია და მიგვაჩნია, რომ ეს არ არის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი. მიგვაჩნია, რომ იმ დარღვევების გამოსწორება სავსებით შესაძლებელია და ეს არ იყო იმის მიზეზი, რომ გაგვეთავისუფლებინა დირექტორი. რა თქმა უნდა ჩვენი დირექტორი არის ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან გვიწყობდა ხელს მასწავლებლებს, რომ გაგვევლო პროფესიული გადამზადება. პოლიტიკური სარჩულით მისი გათავისუფლება სრულიად გამორიცხული უნდა იყოს სკოლიდან. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი აზრი და არ ყოფილა მსგავსი ფაქტი, რომ ვინმეს ეთქვა, ან ამას მიეცი ხმა ან იმასო", - თქვა ნანა ძიძიგურმა.

პედაგოგებთან ერთად დირექტორს სოლიდარობას უცხადებენ მოსწავლეებიც. მათი თქმით, ია კერზაიას ისინი მხარში დაუდგებიან.
alt
"ჩვენ მოსწავლეები სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს დირექტორს და ყველანაირად დავუდგებით გვერდში. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მე ვიყავი ქუთაისში, სადაც ჩვენს დირექტორს ოპერაცია გაუკეთეს. ექიმებმა მითხრეს, აწი მის ორგანიზმზეა დამოკიდებული, როგორ გადალახავს სირთულეებს. დილით შევიკრიბეთ ყველა და მე მათ ეს ინფორმაცია მივაწოდე", - ამბობს სესილი ბუბუტეიშვილი.
alt
სასწავლო ნაწილის გამგე ქეთევან მატკავა ია კერზაიაზე განხორციელებულ შესაძლო პოლიტიკურ ზეწოლაზე ვერ საუბრობს და ამბობს, რომ მათი სკოლა პოლიტიკისგან შორს დგას.

"რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივს, ამაზე მე ვერ ვისაუბრებ რადგან, არ მაქვს ინფორმაცია, იას ამაზე არასოდეს უთქვამს ჩვენთვის. ზოგადად, პოლიტიკაზე სკოლაში არ ვსაუბრობთ", - ამბობს ის.
alt
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მეექვსე საჯარო სკოლამ დირექტორის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღო.

"ინსპექტირების სამსახური რეგულარულად აწარმოებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შესწავლას სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის. რაც შეეხება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლას, ინსპექტირების პროცესი, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა. ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. არსებული პროცედურის გათვალისწინებით, დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს. სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო და ის ამჟამადაც სკოლის მოქმედი დირექტორია. რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, გამოვლენილია: სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე გადაცემის შემთხვევა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეფასების განხორციელება არალიცენზირებული აუდიტორული ორგანიზაციის მიერ, შემოსავლის სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რომლის საფუძველზეც შემცირდა დასაბეგრი მოგება, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა", - აცხადებენ სამინისტროში.

ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით მოათავსეს. მას წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება და მართვით სუნთქვაზეა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა. 
alt
"წუხელ ჩაუტარდა ოპერაცია, მიუხედავად ამისა, მდგომარეობა არის მძიმე და ის იმყოფება მართვით სუნთქვაზე. როგორც ექიმები მეუბნებიან მის ორგანიზმზეა დამოკიდებული ყველაფერი. ჩემი ვარაუდით ეს ყველაფერი გამოიწვია იმ ნერვიულობამ, რაც უკავშირდება აუდიტის სამსახურის სკოლაში შესვლამ და იმ პოლიტიკურმა ზეწოლამ, რაც მასზე ხორციელდებოდა", - თქვა ბაჩანა შენგელიამ.

დირექტორის ია კერზაიას საკითხით სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა. ნინო ლომჯარიას თქმით, მომართვის შემთხვევაში ის მზად არის საქმის შესწავლა დაიწყოს.

ამავე თემაზე:

სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს ია კერზაიას საქმე შეისწავლოს



Print