ახალი ამბები
ლილი ბერაია გათავისუფლებულ გიდზე: შტატი და დაფინანსება არ მაქვს საკმარისი და როგორ აღვადგინო
დადიანების ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას თქმით, მას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ყოფილი თანამშრომელი ელზა ზოდელავა სამსახურში აღადგინოს. მისი განმარტებით, ზოდელავამ განათლებისა და კულტურის სამინისტროს უნდა მიმართოს, რადგან ამ უწყების გადაწყვეტილებით შეუმცირდა მუზეუმს დაფინანსება, რის გამოც ის იძულებული გახდა სამი ადამიანი სამსახურიდან გაეთავისუფლებინა.

„ელზა ზოდელავამ ხომ იცის, რომ 200 000 ლარი მქონდა დაფინანსება და 20 ათასი მომაკლეს. არც შტატი მაქვს, არც ფული მაქვს, როგორ მივიღებ, ვერ მივიღებ. მიმართოს კულტურის სამინისტროს, და იქ გაარკვიოს. თუ ისინი მე მომცემენ დაფინანსებას და შტატს, მაშინ რა პრობლემაა მობრძანდეს, არ ვარ მე წინააღმდეგი. სამი ადამიანი გავუშვი, რადგან მითხრეს, რომ მომაკლებდნენ დაფინანსებას და ორი ერთნაირი პოზიციიდან, იძულებული გავხდი, ერთი გამეშვა. ასე მომიწია, თორემ ჩემი ახირება კი არ არის“, - თქვა ბერაიამ.

ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა ელზა ზოდელავამ დღეს მუზეუმის ადმინისტრაციას სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა. 13 გვერდიან განჩინებაში წერია, რომ ზოდელავა სამსახურში უნდა აღადგინონ და განაცდური აუნაზღაურონ.

ამავე თემაზე:

გათავისუფლებულმა გიდმა სამსახურში აღდგენის განჩინება მუზეუმს ჩააბარა (ვიდეო)
Print