ახალი ამბები
საინფორმაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობისგან დაცვის მექანიზმებზე ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ოჯახში ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეკრებილებმა ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის მომსახურებების, კერძოდ, თავშესაფრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე ისაუბრეს. "მერკურის" წარმომადგენლების ინფორმაციით,  თავშესაფრით უკვე 24 ბენეფიციარმა ისარგებლა, აქედან 10 ქალი და 14 ბავშვი იყო.  მათივე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძალადობის მსხვერპლთა პირველი თავშესაფარი მიმდინარე წლის 8 მარტს გაიხსნა, სადაც ბენეფიციარებს მათზე მორგებული სხვადასხვა მომსახურების მიღება შეუძლიათ.

"ჩვენ ჩვენს ბენეფიციარებს ვუქმნით ოჯახურ პირობებს. მათთან მუშაობს ფსიქოლოგი, იურისტი და საჭიროების შემთხვევაში, სოციალური მუშაკიც. მოსვლის დღიდან ისინი უზრუნველყოფილი არიან ყველა საჭირო ნივთით. თავშესაფარში ყოფნის ვადა არის მაქსიმუმ სამი თვე, შემდეგ ჩვენი ბენეფიციარები უბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ სახლს ან გადადიან ქირით. თავშესაფარი არის  ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აქ იმდენად დათრგუნულები და შეშინებულები მოდიან, განსაკუთრებით, ბავშვები, რომ ეს სამი თვეც მათთვის ბევრს ნიშნავს", - ამბობს თავშესაფრის ადმინისტრატორი ირმა დარასელია.
alt
ოჯახში ძალადობის მიმართულებით პრიორიტეტებზე, სამართლებრივ მექანიზმებზე, გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებულ სტატისტიკასა და პრევენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წელს ოჯახური ძალადობის და ოჯახში დანაშაულის 4000-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა, 3000-მდე პირი პასუხისგებაში მიეცა და 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გაიცა, რაც, მათივე მტკიცებით, მიმართვიანობის და პოლიციის მიმართ ნდობის ამაღლებაზე მეტყველებს.



"სამოქალაქო აქტივიზმის და თანასწორობის ცენტრის" წარმომადგენელმა ციცინო შენგელიამ ისაუბრა სოციალურ პროექტზე "ქალები საქართველოდან" და რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით, ძალადობის მსხვერპლი ქალების საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება.  

"წლევანდელი წელი ეძღვნება იმას, თუ როგორ ძლიერდებიან ქალები მას შემდეგ , რაც აღმოჩნდებიან თავშესაფარში, კრიზისულ ცენტრში. მერე სად ვუშვებთ ამ ქალებს, რითი ვეხმარებით და როგორ ვაძლიერებთ. ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო დადგა. წინა წლებში საუბარი იყო იმაზე, რომ გვქონოდა თავშესაფრები, როგორც კი დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, დაგვიდგა ეს გამოწვევა, რას ვაკეთებთ მერე", - აღნიშნა შეხვედრაზე ციცინო შენგელიამ.

"დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი"(NCCE) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საქართველოს 10 ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებას მართავს.

16-დღიანი კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერებაა.



Print