ახალი ამბები
რუხში ინგლისური ენის კლუბი გაიხსნა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ინგლისური ენის,პირველი, კლუბი გაიხსნა. ის პროგრამის „ინგლისური ენა თემისთვის“ ფარგლებში დაფუძნდა და სამი კომპონენტისგან შედგება: ინგლისური ენის კლუბების გახსნა, პედაგოგების გადამზადება და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული ექსპერტის მიერ ტრენერების მომზადება. ბრიტანეთის საბჭოს დირექტორის, ამიერკავკასიასა და საქართველოში, ზაზა ფურცელაძის თქმით, კლუბში აღჭურვილია ყველა შესაბამისი ტექნიკით და აქ სწავლება სრულიად უფასოდ, როგორც რუხის, ასევე მიმდებარე სოფლის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ.



„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ინგლისური ენის კლუბი განთავსებულ იქნება  რუხში არსებული იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  საზოგადოებრივ ცენტრში და აღჭურვილი იქნება ინგლისური ენის სწავლებისთვის აუცილებელი მრავალფეროვანი რესურსებით და ტექნიკით, ჩატარდება კლუბური მეცადინეობები და მოეწყობა ბიბლიოთეკა. კლუბით სარგებლობა შეეძლებათ, როგორც მოსწავლეებს ისე მასწავლებლებს მიმდებარე სოფლებიდან“, - აღნიშნა ფურცელაძემ.  

კლუბის გახსნას, რუხში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრში, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები დაესწრნენ. როგორც ერთ-ერთმა მშობელმა რადიო „ათინათს“ უთხრა, კლუბის დაარსება ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მისი შვილი აქ ინგლისური ენის შესასწავლად აუცილებლად ივლის.
alt
„ძალიან კარგი შანსია ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ჩემი შვილი აქ აუცილებლად ივლის და იმ ცოდნას გაიღრმავებს, რაც უკვე აქვს მიღებული. ამისთვის კი მადლობა ბრიტანეთის საბჭოს“,- თქვა ლონდა ფარცვანიამ.

პროგრამის პარტნიორები არიან: დიდი ბრიტანეთის საელჩო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია.

Print