რეგიონი
„მედიის როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში“ - შეხვედრა ზუგდიდში
ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში მშვიდობის მშენებლობის პროცესში მედიის როლზე ისაუბრეს. „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ადგილობრივი მედიასაშუალებების ჟურნალისტები, ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ.

„რადიო თავისუფლების“ გორის კორესპონდენტმა გოგა აფციაურმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აშუქებს მედია ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არსებულ სიტუაციას. მისი თქმით, ვინაიდან დღესდღეობით, ეს არ ხდება ისე, როგორც ეს ცხელ ფაზაში ხდებოდა, უნდა მოხდეს კონფლიქტების ტრანსფორმაცია და მედიის როლი ამ საქმეში მნიშვნელოვანია. მან აღნიშნა, რომ ზუგდიდი მისთვის უმნიშვნელოვანესი ქალაქია, რომელიც ისევე, როგორც გორი, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარეობს.

„ბოლო პერიოდშიც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხმა კვლევებში გადაინაცვლა მეცხრე ადგილზე. მაშინ, როდესაც მოწინავე ადგილს იკავებდა. კონფლიქტებისადმი მიდგომა უნდა შეიცვალოს. მშვიდობის პოლიტიკაში მედიის ხელშეწყობის როლი უმნიშვნელოვანესია. ამ საქმეს არ უნდა მოვეშვათ და გავაშუქოთ. ეს ესტაფეტა ახალ თაობას უნდა გადავცეთ, რომელიც ახლა იწყებს ამ საკითხებთან დაკავშირებით ცოდნის შეგროვებას“, - გვითხრა გოგა აფციაურმა, რომელიც 2015 წელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა სამშვიდობო ჟურნალისტიკაში.

კონფლიქტის ტრანსფორმაციის აუცილებლობასა და ჟურნალისტების როლზე ისაუბრა ჟურნალისტმა და ავტორმა წიგნისა: "ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი", რატი მუჯირმა. მისი აზრით, მედიაში უფრო ხშირად უნდა გაშუქდეს ადამიანური ისტორიები, მოხდეს კონფლიქტის გადაფასება, რადგან ეს არის ძირითადი გზა შერიგებისკენ.

alt

„დისკუსიამ დაგვანახა, რომ ადამიანური ისტორიების გარეშე რთული იქნება წინ ნაბიჯების გადადგმა. იმდენი ყურადღება არ ექცევა, რამდენიც უნდა მიექცეს, სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოება მზად არ არის მიიღოს ეს ისტორიები ისეთი, როგორიც არის, ყოველგვარი შეფასების შელამაზების, გასუფთავების გარეშე. უბრალოდ ადამიანური ისტორია, რომელიც მავთულხლართის ორივე მხარეს არის. თუ შევძლებთ ესეთი ისტორიები გავცვალოთ, ეს შეიძლება გახდეს მცირედი, მაგრამ მაინც ნაბიჯი წინ სამშვიდობო პროცესებისთვის“, - განმარტა მან.

შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიის და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

alt

„მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლის თამარ შუბითიძის თქმით, პროექტის მთავარი სეგმენტი -ახალგაზრდებია და მსგავსი შეხვედრები ქვეყნის თითქმის ყველა საუნივერსიტეტო ქალაქში ჩატარდება. მან აღნიშნა, რომ ზუგდიდიც ადგილმდებარეობიდან გამომდინარე შეირჩა, რადგან ადგილობრივი ჟურნალისტები აქტიურად არიან ჩართული იმ მწვავე საკითხების გაშუქებაში, რაც კონფლიქტთან არის დაკავშირებული.

„შეხვედრებზე პრაქტიკოსი ჟურნალისტები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა მომზადდეს მედია კონფლიქტების გაშუქებისას, იღებენ ახალ საინტერესო ინფორმაციას და უზიარებენ გამოცდილებას. ვინაიდან ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ადამიანებს, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს საერთოდ არ იყვნენ დაბადებულნი, სჭირდებათ სწორი ინფორმაცია მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით და ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათ გამოცდილი ჟურნალისტებისგან უნდა მიიღონ“, - თქვა შეხვედრის კოორდინატორმა.

ზუგდიდში ღონისძიება ორგანიზაცია „საუნჯის“ და ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრა იმართება შვეიცარიული ორგანიზაციის HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობას და ტოლერანტობის გაღვივებას სამხრეთ კავკასიაში არაფორმალური განათლების, სამშვიდობო ინიციატივების წახალისებისა და სამოქალაქო აქტივობის საშუალებით.
Print