ახალი ამბები
საქართველოში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადების შემდეგ ქვეყნის ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა. ახალი კონსტიტუცია 11 თავისა და 78 მუხლისგან შედგება. ის ადამიანის უფლებების სტანდარტებს ადგენს, მეორე მხრივ კი, სახელისუფლო შტოებს შორის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს.

პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ახალ კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ საქართველო არის სოციალურ-სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.

ამავე კონსტიტუციით უზრუნველყოფილია ყველა ადამიანის თანასწორობა და აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

გარდა ამისა, მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.

ახალი კონსტიტუციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.

კონსტიტუციური ცვლილებების ფარგლებში შეიცვალა 94-ე მუხლიც, სადაც აღნიშნულია, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში, აქციზის გარდა, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება ან გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

კონსტიტუციის მიხედვით, 2020 წლისთვის შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული სისტემა, თუმცა პოლიტიკურ პარტიებს ერთჯერადად საშუალება ექნებათ, საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკებად გაერთიანდნენ. ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადავა.

კონსტიტუციით, 2019 წლის იანვრიდან საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში სრულად უნდა დაბრუნდეს.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, 2023 წლიდან საქართველოში პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია არაპირდაპირი გზით აირჩევს.

ამასთან, გაუქმდა უშიშროების საბჭო და მის ნაცვლად, საომარი მდგომარეობის დროს, სათათბირო ორგანო – ეროვნული თავდაცვის საბჭოს შექმნა განისაზღვრა, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს პრეზიდენტი იქნება.

კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 2017 წლის 26 სექტემბერს დაამტკიცა, რომელსაც მოგვიანებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო , თუმცა მმართველმა გუნდმა შენიშვნები არ გაიზიარა.

პარლამენტმა ონსტიტუციური პროექტი 117 მომხრე ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
Print