ახალი ამბები
უფასო სასადილოს ბენეფიციარები: არ დავუშვებთ იმ კომპანიის შემოსვლას, რომელიც ორი წლის წინ გვიმზადებდა საკვებს
ზუგდიდში უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა აქცია გამართეს. ისინი ამბობენ, რომ კვების მომსახურების ტენდერში, რომელიც მერიამ მიმდინარე თვეს გამოაცხადა, შესაძლოა იმ კომპანიამ მოიგოს, რომელიც მათ ორი წლის წინ ემსახურებოდა. სასადილოს ბენეფიციარების თქმით, კომპანია, რომლის სახელი არ ახსოვთ, უხარისხო საკვებს უმზადებდა.

„არ გვინდა ის კომპანია კვლავ დაბრუნდეს. დამპალ და უვარგის საჭმელს ამზადებენ. არ მოგვწონს მათი გაკეთებული. დარჩნენ ისინი, ვინ ახლა გვიკეთებს საჭმელს, რატომ უნდა შეიცვალონ“, -  აღნიშნავენ ბენეფიციარები.  
alt
ისინი ინდივიდუალური მეწარმე თემურ ქვარცხავას მიერ მიწოდებული საკვებით კმაყოფილები არიან და იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მათთვის არასასურველმა კომპანიამ გაიმარჯვა, სასადილოში არ შეუშვებენ.

„ახლა რაც არის იჭმევა. მენიუც მრავალფეროვანია და საჭმელი ხარისხიანი. ბიძინა ივანიშვილს, რომ დაუდო ალბათ არ დაიწუნებს“, - ამბობს მაყვალა მებონია.
alt
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჯერ არ გამოვლენილა და ამ დრომდე შერჩევა მიმდინარეობს.

„ჯერ არ დასრულებულა ტენდერი და არ ვიცით საიდან აქვთ ეს ინფორმაცია.  რაც შეეხება კითხვას, მონაწილეობდა თუ არა ტენდერში ის კომპანია, რომელიც ზუგდიდის სასადილოს 2 წლის წინ ემსახურებოდა, ვერ გიპასუხებთ, რადგან ის ტენდერში არ ჩანს“, - ამბობენ მერიაში.
alt
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ზამთარსა და გაზაფხულზე უფასო სასადილოებში ბენეფიციართა კვებით უზრუნველსაყოფად 74 ათას ლარამდე გამოყო. ტენდერში  წინადადებების მიღება 11 დეკემბერს დაიწყო და 13 დეკემბერს დასრულდა. დოკუმენტაციაში  წერია, რომ ამ ეტაპზე შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს და აქ ერთადერთი პრეტენდენტი, რომელმაც ტენდერში მონაწილეობა მიიღო,  შპს „მანიბაა“.

„ზუგდიდს არასოდეს ვემსახურებოდით, გამარჯვების შემთხვევაში, პირველად ჩამოვალთ ამ ქალაქში. ჩვენი კომპანია რამდენიმე წელია თბილისს ემსახურება“, - ამბობს შპს „მანიბას“ წარმომადგენელი თემურ ჯავახიშვილი.

ცნობისთვის, 2016 წელს უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა უხარისხო საკვების მიწოდების გამო აქცია რამდენჯერმე გამართეს. ისინი შპს „ეფექტის“ მომსახურებით უკმაყოფილოები იყვნენ.









Print