ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულომ ააიპ-ების და შპს-ების ნაწილს სუბსიდირება გაუზარდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის რამდენიმე ააიპ-ისა და შპს-ს სუბსიდირება გაუზარდა.  დოკუმენტის თანახმად, ააიპ „ზუგდიდასუფთავების ცენტრის“ სუბსიდირება 355 400 ლარით იზრდება, „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ – 48 ათასით, „ხელოვნებისა დაკულტურის განვითარების ცენტრის“ – 4 ათასით, შპს „ანაკლია-განმუხური რეზორტსის“ – 20 ათასით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“- 1 600, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამის სუბსიდირება 1000 ლარით გაიზრდება.

გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციურმა ფრაქციამ. „ენმ“-ის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, აღნიშნული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ფაქტით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

„ამ ააიპ-ებში გაბერილია შტატები და აქ მომუშავე ადამიანების დიდი ნაწილი არის „ქართული ოცნების“ აქტივისტი. მათ ხელისუფლება საარჩევნოდ იყენებს და მხოლოდ იმიტომ, რომ თანხა არამიზნობრივად გახარჯეს, სუბსიდირების გაზრდა, დანაშაულებრივი ქმედებაა“, - აღნიშნა წითლიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, სუბსიდირების გაზრდა სხვადასხვა საკითხს უკავშირდება. მაგალითად, წოწერიამ განმარტა, რომ ზუგდიდდასუფთავების შემთხვევაში, სუბსიდიების მომატება საწვავის ზრდას უკავშირდება.

„გარდა ამისა, იყო ნაკლებობა ხელფასის ხარჯების გაწევისას და იმ მოტივით, რომ არ დარჩნენ უხელფასოდ აქ მომუშავე ადამიანები, საკრებულომ ამიტომაც დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას“, - განმარტა წოწერიამ.

საკრებულოს დადგენილებით, აღნიშნული თანხები სხვადასხვა პროგრამის შემცირების ხარჯზე გამოიყო, რომლებიც, მიმდინარე წელს ვერ შესრულდება. ამასთან, შემცირრდა სამშენებლო ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთაღიცხვო და ექსპერტიზის ხარჯები.

Print