ახალი ამბები
ხურჩელები: პირუტყვი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადის გვეკარგება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები, ამბობენ რომ პირუტყვი ხშირად ეკარგებათ, რადგან ისინი ოკუპირებულ სოფლებში გადადიან და არ ბრუნდებიან. 71 წლის ლეილა ეხვაიას თქმით, მას 15 ძროხიდან მხოლოდ ერთი დარჩა. აღნიშნული პრობლემა ეხვაის გარდა სოფლის სხვა მკვიდრებსაც აწუხებთ.

"თხუთმეტი სული საქონლიდან ახლა დამრჩა ორი. ერთი გადასულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ათი დღეა ვცდილობ, რამენაირად დავიბრუნო. გუშინ ვესაუბრე რუს მესაზღვრეებს, დახმარებაზე უარი მითხრეს. წინათ გვეხმარებოდნენ, ნაცნობობით შეიძლებოდა მოძებნა და გადმოყვანა,  მაგრამ ახლა უკვე აღარ. იმ საზღვარზე ვინც ცხოვრობს, ყველას ეს პრობლემა აქვს. ახლა ჩემი და ჩემი მეზობლის ძროხაა დაკარგული. ბევრსაც დაეკარგა. ძროხების გარდა ღორებიც იკარგება. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და ვითხოვთ დახმარებას", - ამბობს ლეილა ეხვაია.

გარდა ამისა ხურჩის მკვიდრი სხვა პრობლემებზეც საუბრობს. მისი თქმით, სოფელში არც სიმინდი და არც შეშა არ აქვს.

"ჩალაც არ გვქვს, არც სიმინდი და არც შეშა. სოფელში, რომ ცხოვრობ ეს თუ არაა, ის თუ არა,ა რატომ უნდა გაჩერდე? არ გვძლევენ საშუალებას, რუსებმა დაიკავეს ის მიწა, რასაც ჩვენ ვამუშავებდით", - ამბობს ხურჩის მკვიდრი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში დღეს   მრგვალი მაგიდა თემაზე : "კონფლიქტების ადრეული პრევენცია გენდერული ასპექტების გათვალისწინებით" გაიმართა. შეხვედრა  ფონდ "სოხუმის" ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანი იყო ინფრასტრუქტურული და სხვა ტიპის პრობლემების გამოვლენა და მათი დროული მოგვარება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.

Print