რეგიონი
ცვანეს ნამოსახლარი შესაძლოა სასწავლო და ტურისტული მიმართულებით გამოიყენონ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ცვანეში მდებარე ხელოვნური ნამოსახლარი ბორცვი „დიხაგუძუბა“,შესაძლოა, სასწავლო და ტურისტული მიმართულებით გამოიყენონ. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, სააგენტოს დაფინანსებით შ.პ.ს. არქეო პლიუსმა 2018 წლის ივლის-აგვისტოში ჩაატარა საველე-არქეოლოგიური სამუშაოები ცვანეს ნამოსახლარზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული არქეოლოგიური ობიექტია ენგურ-რიონის ორმდინარეთში.

alt
„სოფელი ცვანე მრავალი წლის განმავლობაში ხან ანაკლიის, ხანაც ერგეტის ტერიტორიულ ერთეულში იყო გაერთიანებული. შესაბამისად, აქ მიკვლეული არქეოლოგიური ობიექტები ანაკლიის, ერგეტის ან ანაკლია-ერგეტის არქეოლოგიურ ძეგლებთან ერთობლიობაში განიხილებოდა. შესრულებული სამუშაოების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ცვანეს დიხაგუძუბა ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული არქეოლოგიური ობიექტია ენგურ-რიონის ორმდინარეთში. გამოკვეთილ, თითქმის იდეალურად ნახევარსფეროსებრ ბორცვზე, გარშემო თხრილით, წარმოდგენილია 2500 წლიანი რამდენიმე სხვადასხვა პერიოდის (4 კულტურული ფენა) დასახლება. უძველესი, მეოთხე ფენა ძვ.წ. მეორე ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება და იგი დამწვარ-დანახშირებული ძელური ნაგებობის ნაშთებითაა წარმოდგენილი; მესამე კულტურული ფენა ძვ.წ. მეორე ათასწლეულის მიწურულით თრიღდება და ის ასევე დამწვარ-დანახშირებული და სუსტად გამოსახული ბათქაშების ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი; მეორე კულტურული ფენა ანტიკური ხანის დასაწყისის (ძვ.წ. VI-IV სს.) მძლავრი ძელურ-ბათქაშიანი ნაგებობების ნაშთებია და ადგილობრივ არტეფაქტებთან ერთად საბერძნეთიდან იმპორტირებულ სხვადასხვა ჭურჭლის ფრაგმენტებს მოიცავს, აღსანიშნავია ორი მთელი რკინის თოხის აღმოჩენის ფაქტიც; პირველი კულტურული ფენა ელინისტური ხანით (ძვ.წ. III-I სს.) თარიღდება და დღეისათვის ის ყველაზე უფრო მძლავრად გამოსახული ძელურ-ბათქაშიანი ნაგებობის ნაშთებითაა წარმოდგენილი, შესაბამისი დროის არტეფაქტებით: კოლხური და ბერძნული ჭურჭელი, კრამიტები, საწაფი, რკინის ლურსმნები და სხვა. ნაგებობა, რომელიც პირველ კულტურულ ფენაში დაფიქსირდა, სავარაუდოდ საკულტო ხასითისა უნდა იყოს. ხოლო ბერძნული ჭურჭლის სიმრავლე აშკარას ხდის კოლხეთის მჭიდრო კავშირს ბერძნულ სამყაროსთან (ტაბ. 35)“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
alt
არქეოლოგიური გათხრების გაგრძელების შემთხვევაში, რომელიც მრავალწლიან და ფართომასშტაბიან კვლევებს გულისხმობს. 

ამავე თემაზე:

ცვანეში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება 

Print