ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია: პროკურატურას საკმაო მტკიცებულება აქვს იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს
ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია მთავარ პროკურატურაში გამოიკითხა. როგორც მან რადიო "ათინათს" უთხრა, უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქმის შესახებ და კიდევ ერთხელ მოითხოვა სკოლის დირექტორზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების გამოძიება. მისივე განმარტებით, გამოძიების დასაწყებად პროკურატურას უკვე აქვს საკმაო მტკიცებულებები.

„საკმაო მტკიცებულება მივაწოდე, როგორც წერილობითი, ასევე სიტყვიერი, გარდა ამისა, ვაპირებ ამ დღეებში კიდევ დამატებით მასალები გადავცე მათ. ვფიქრობ, რომ საკმარისი მტკიცებულებები აქვთ იმისთვის, რომ დაიწყონ გამოძიება, ეს მხოლოდ მათ სურვილზეა დამოკიდებული. მე ვფიქრობ, რომ დაიწყებენ გამოძიებას, თუ ასე არ მოხდა, ეს კიდევ ერთი დანაშაული იქნება“, - ამბობს ბაჩანა შენგელია.

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

აღნიშნულ სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური გასული თვის შუა რიცხვებში შევიდა. უწყების ინფორმაციით, სკოლაში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, რომელთა შორის არის როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური გადაცდომები. თავად დირექტორი, კერზაია გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდა და სამართლებრივად ბრძოლას აპირებდა.


ამავე თემაზე:

ბაჩანა შენგელია მთავარ პროკურატურაში დღეს გამოიკითხება


Print