ახალი ამბები
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის პედაგოგმა მაია კალანდიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა (ვიდეო)
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის პედაგოგი ინეზა მურღულია ენმ-ის მხარდამჭერისგან მაია კალანდიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. შესაბამისი სარჩელი მან ზუგდიდის სასამართლოში შეიტანა. მურღულია ამბობს, რომ კალანდიასგან პატივისა და ღირსების შელახვის გამო,ბოდიშის მოხდას ითხოვს. საუბარია კალანდიას მიერ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც ის წერს, რომ მე-6 სკოლის უკვე გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას თანამდებობის დაკავება ინეზა მურღულიას სურს.

alt


„მაია კალანდიამ ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე  დიდი ხანია ვუმიზნებ დირექტორობას და ჩემი მოწვევით ჩამოვიდა სამინისტროდან აუდიტის სამსახური. სკოლაში პედაგოგობის გარდა დაკავებული ვარ ჟურნალისტური საქმიანობით და ნამდვილად არ მაქვს დირექტორობის არც სურვილი და არც დრო. 1984 წლიდან ვმუშაობ ამ სკოლაში, 10-15 წლის წინ მშობლები მთხოვდნენ დირექტორობას, - მაგრამ მე თვითონ ვთქვი უარი, იმიტომ, რომ არ მქონდა ამის სურვილი. რაც შეეხება იმ ფოტოებს, რომლებიც მაია კალანდიამ გამოაქვეყნა, არის ორი წლის წინ გადაღებული ქორწილში და ეს საზოგადოებამ აღიქვა ისე, თითქოს ქალბატონი ია სიკვდილს ებრძოდა და მე ვცეკვავდი. მეც ისევე განვიცადე მისი გარდაცვალება, როგორც სხვებმა“, - ამბობს მურღულია.
alt
მისივე თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ კალანდიას კომპენსაციის სახით თანხაც კი გადაახდევინოს.

„ადვოკატთან გავივლი კონსულტაციას და თუ შესაძლებელია, კომპენსაციის სახით თანხას გადავახდევინებ, რომელსაც ჩემს მოსწავლეებს ჩავურიცხავ“, - თქვა მან.

თავის მხრივ, მაია კალანდიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ მას მურღულიას მხრიდან, შესაძლო ზეწოლის ფაქტზე ია კერზაიასგან პირადად ჰქონდა ინფორმაცია.

„მურღულია არის იმ ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი, რომელმაც მოკლა ია კერზაია. ია კერზაიასგან ვიცოდი, რომ მასზე ზეწოლას ახორციელებდა მურღულია, რადგან ის აგიტაციას არ ატარებდა ქართული ოცნების ხელისუფლობის სასრგებლოდ. იყო მუდმივი ზეწოლის ქვეშ. მე პირადად მქონდა კომუნიკაცია, ია კერზაისთან და სწორედ მისგან ვიცი, რომ მასზე მურღულია ზეწოლას ახორციელებდა. ეს ვიცოდი და ამიტომ დავწერე. პოსტი შემდეგ წავშალე, იმიტომ რომ შეურაცხმყოფელი კომენტარები იყო და ეს ჩემთვის მიუღებელი იყო“, - ამბობს კალანდია.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, რომელიც პოლიტიკური ზეწოლაზე საუბრობდა,  9 დეკემბერს გარდაიცვალა. შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას და შემდეგ მის გარდაცვალებას, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას უკავშირებს და ამბობს, რომ დირექტორი პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლია.

ამავე თემაზე:

რა წერია ია კერზაიას წინააღმდეგ დაწერილ ანონიმურ საჩივარში (ფოტო)
Print