ახალი ამბები
საკრებულოს წევრი ზუგდიდის სამაშველო სამსახურის ხარვეზებზე საუბრობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ზაზა ანდრიაძემ განაცხადა, რომ სამაშველო სამსახურის საკადრო ცვლილებებმა მუშაობის არაეფექტურობა გამოიწვია. მან ანგარიშის წარდგენისას ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს მიმართა და საკითხით დაინტერესება სთხოვა.

„საათის მექანიზმივით აწყობილი ეს სისტემა ახლა, ფაქტობრივად, ვერ მუშაობს სათანადოდ. ადრე იყო მიბმული სამედიცინო ცენტრი, გვყავდა ისეთი მანქანები, რომ ყველაფრისთვის ნებისმიერ დროს მზად იყო სამსახური. თუ შეიძლება, რომ შევისწავლოთ ეს საკითხი და ზუგდიდის სამაშველო სამსახურში დავაბრუნოთ პროფესიონალი კადრები. იყო შემთხვევა, როცა ხანძარს შევესწარი და ფაქტობრივად, ცეცხლის ჩასაქრობად ტექნიკა ვერ ააწყეს“, - აღნიშნა ანდრიაძემ.
alt
ანდრიაძემ ასევე თქვა, რომ მანქანები ზუგდიდიდან წაიყვანეს და სხვადასხვა მუნიციპალიტეტს გადასცეს.

მისი კითხვის პასუხად მერაბ ქვარაიამ განმარტა, რომ თემით დაინტერესდება და საკითხის შესახებ კონსულტაციებსაც გაივლის.

„მოვიწვიოთ პროფესიონალები ამ სფეროში, გავარკვიოთ, რამდენად არსებითია ეს ხარვეზები და რამდენად სისტემურია. მე ვიცი, რომ აქ სანიმუშო კვალიფიკაციის ადამიანები მუშაობენ“, - დასძინა ქვარაიამ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ხელმძღვანელი გასული წლის ზაფხულში შეიცვალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კომენტარს რადიო „ათინათი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.



Print