ახალი ამბები
ზუგდიდელების ნაწილი სასტუმრო „ოდიშში“ მცხოვრები დევნილების განსახლებას ითხოვს
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარის ანგარიშის წარდგენისას საზოგადოება „ზუგდიდელის“ წარმომადგენელმა კარლო ვეკუამ მერაბ ქვარაიას სასტუმრო „ოდიშიდან“ დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით მიმართა.

ვეკუამ აღნიშნა, რომ სასტუმრო „ოდიში“ ზუგდიდის იერსახისთვის მნიშვნელოვანი ობიექტია და ის მოწესრიგებული უნდა იყოს.

„გვესმის დევნილების გულისტკივილი და გაჭირვება, მაგრამ რატომ ვერ მოხერხდა აქამდე, რომ აქ მცხოვრები ოჯახებისთვის გამოეყოთ ფართები“, - აღნიშნა ვეკუამ.

თავის მხრივ, მერაბ ქვარაია ვეკუას დაეთანხმა და თქვა, რომ უკვე გაგზავნილია წერილი დევნილთა სამინისტროში, რომ სასტუმრო „ოდიშის“ მეორე სართულზე მცხოვრები დევნილებისთვის ახალი მშენებლობის დროს ბინები გამოიყოს.
alt
„პრიორიტეტი უნდა იყოს გამოთავისუფლება იმ საზოგადოებრივი დატვირთვის ობიექტების, რომლებშიც ჩვენი დევნილი მოქალაქეები ცხოვრობენ. თვითმმართველობასთან ერთად უკვე გავაგზავნეთ წერილი და ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს“, - დასძინა ქვარაიამ.

მისივე თქმით, განსახლების შემდეგ შესაძლებელი იქნება, რომ ახალი ინვესტორი მოიძებნოს, რომელიც აღნიშნულ ობიექტს ქალაქისთვის სასარგებლო ფუნქციას მიანიჭებს.

შეხვედრაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ თეონა ქარდავამ გაიხსენა, რომ ყოფილმა გუბერნატორმა ლევან შონიამ და მინისტრის მოადგილემ პირობა დადეს, რომ სასტუმროში მცხოვრებლების განსახლება მოხდებოდა. მან აღნიშნულთან დაკავშირებით მაჟორიტარს შეხვედრის ორგანიზება სთხოვა. ქვარაიას ინფორმაციით, დევნილებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება.


Print