ახალი ამბები
მერაბ ქვარაიამ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა. მან 2018 წელს მის მიერ გაწეულ საქმიანობაზე, ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

ქვარაიამ აღნიშნა, რომ მსგავსი საანგარიშო შეხვედრები მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდელებთან ინფორმაციები და მოსაზრებები გაიცვალოს და იმ რეალურ თემებსა და პრობლემებზე იმსჯელონ, რომელსაც მომავალში ყურადღება მიექცევა.

„მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები იმისთვის, რომ ზუგდიდელები, ადგილობრივი თვითმმართველობა გრძნობდეს მაჟორიტარის თანადგომას, თავის მხრივ კი, მაჟორიტარმა გამოიყენოს საპარლამენტო ტრიბუნა ქალაქისთვის“, - აღნიშნა ქვარაიამ.
alt
როგორც მერაბ ქვარაიამ განმარტა, მის მიერ წარდგენილი ინიციატივები და თანამონაწილეობით ინიცირებული კანონპროექტები თითოეულ მოქალაქემდე მიდის. მისივე თქმით, ის 40-ზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი და თანაავტორია.

„განსაკუთრებით გამოვყოფ სოციალური საქმიანობის შესახებ კანონს, რომელიც განხილვის რეჟიმშია, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, პარკირებისა და სატრანსპორტო სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს, კომიტეტის გაცვლით სხდომებს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგისთვის მნიშვნელოვანია“, - დასძინა მაჟორიტარმა და გასულ წელს თვითმმართველობისთვის და ადგილობრივ დონეზე აქტიური და ნაყოფიერი უწოდა.

მან საზოგადოებას ბიუროს საქმიანობაზეც მიაწოდა ინფორმაცია და დამსწრეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრას საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამხარეო ადმინისტრაციისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
alt
საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას შეფასებით, მაჟორიტარი დეპუტატის მუშაობა ზუგდიდისთვის ნაყოფიერი იყო და მის საქმიანობას უკავშირდება ქალაქში პარკირების მოწესრიგება, დასუფთავების მოსაკრებლის მექანიზმების საკანონმდებლო დონეზე ასახვა, კომიტეტების გასვლითი სხდომები. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ გარევაჭრობისა და ააიპ-ების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში მაჟორიტარის ბიურო აქტიურად მონაწილეობს.

შეხვედრის დაწყებისას დამსწრეებს შესავსებად კითხვარი დაურიგდათ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდელების ნაწილი სასტუმრო „ოდიშში“ მცხოვრები დევნილების განსახლებას ითხოვს

საკრებულოს წევრი ზუგდიდის სამაშველო სამსახურის ხარვეზებზე საუბრობს

მერაბ ქვარაია: ზუგდიდში ცხოველთა თავშესაფარი აშენდება

მოქალაქე მერაბ ქვარაიას: თქვენ ბრძანდებით არასრულფასოვანი ქალაქის მაჟორიტარი (ვიდეო)


Print