ახალი ამბები
მიმდინარე წელს ზუგდიდში 10 ქუჩა რეაბილიტირდება
საქართველოს მთავრობის განკარგულებით ზუგდიდის ათ ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ  საბჭოს სხდომაზე გაჟღერდა. ამ ეტაპზე შემდეგი ქუჩები შეკეთდება: ხელაიას, ჩიქობავას, ლაზის, ბარამიას, ქობულეთის, ზვიად გამსახურდიას, კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის და თაბუკაშვილის.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, მთავრობის განკარგულებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დასაფინანსებლად  რუხი-რიყე-ტყაიას გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთი გადაეცა.

„ზუგდიდში გადაწყვეტილია 10 ქუჩის მოწესრიგება- რეაბილიტაცია. ეს ძირითადად, ის ქუჩებია, სადაც არის მძიმე მდგომარეობა. ვიცით, რომ ზუგდიდში წყალარინების და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის გამო გაუვალი გახდა ქუჩები“, - აღნიშნა მოწერელიამ.

სხდომაზე ასევე განიხილეს ანაკლია-განმუხურში, აბაშაში, ხობში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ფოთსა და მარტვილში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.

Print