ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მერის არჩევნების თარიღის დასახელებას ითხოვს
„სამეგრელო ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ამბობს, რომ ზუგდიდის მერის არჩევნების თარიღის დასახელებას მიზანმიმართულად აგვიანებენ. ამის მიზეზად ის საკადრო ცვლილებებს ასახელებს და ამბობს, რომ არჩევნებამდე მერიაში იმ ადამიანების დაწინაურება უნდა მოასწრონ, ვინც მათ ხმების მოპოვებაში დაეხმარება.

„ნუ შეგყავთ მოსახლეობა გაურკვევლობაში. მე ძალიან კარგად ვიცი თქვენი მანიპულაციები, ყველა ინფორმაცია მაქვს. თარიღის დასახელებას აგვიანებენ იმის გამო, რომ მერიაში მიდის გადაადგილებები. ახლა ხმების მოპოვებას საკადრო ცვლილებებით ცდილობენ. ჩამოაქვეითებენ, იმ ადამიანებს, რომელთაგანაც ყველაზე ნაკლებ ხმებს ელოდებიან და იმათ აწინაურებენ, ვინც ხმების მოპოვებისთვის იმუშავებს“, - აღნიშნა მან.

ჯგუშიას თქმით, მისი მერობის შემთხვევაში, საშტატო ნუსხას 80 თანამშრომლამდე შეამცირებს და მოქალაქეებს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან შესახვედრად ბარიერების გავლა არ დასჭირდებათ.

„თითოეულ თანამშრომელს ეცოდინება, რომ აქ მუშაობს იმისთვის, რომ ეფექტურად ემსახუროს მოსახლეობას. მერიის შენობაში შესვლა გამარტივდება. ბარიერები, რომელიც ამ შენობაშია, არ იქნება. ასევე შემცირდება თანამშრომლების რაოდენობა. თუკი ლონდონის მერია ახერხებს მართოს ამხელა მეგაპოლისი 72 კაციანი შტატით, ზუგდიდს გარდამავალ პირობებში აუცილებლად ეყოფა 80 კაციანი სტაფი“, - ამბობს თენგიზ ჯგუშია.

ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნები მაისში გაიმართება.

Print