ახალი ამბები
ოპოზიციონერი დეპუტატი საბანკო რეგულაციებზე პარლამენტისთვის მიმართვის შემუშავებას ითხოვს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ სხდომაზე კოლეგებს მიმართა. მან მოუწოდა საკრებულოს წევრებს შეიმუშაონ ერთობლივი მიმართვა ზუგდიდის მაჟორიტარებისთვის და პარლამენტისთვის, რათა ისინი დაინტერესდნენ ახალი საბანკო რეგულაციებით და შეისწავლონ ეს საკითხი. შელიას მტკიცებით, სწორედ საბანკო რეგულაციები გახდა მიზეზი იმისა, რომ ზუგდიდში ტექნიკის რამდენიმე მაღაზია უკვე დაიხურა, ნაწილი კი თებერვლის ბოლოს იხურება.

"აღმოჩნდა, რომ ზუგდიდში დაიხურა თითქმის ყველა ტექნიკის მაღაზია. ამ მაღაზიების დაკეტვის მიზეზი იყო ეროვნული ბანკის რეგულაციები. პირველი ინდიკატორი ზუგდიდი აღმოჩნდა და დაიწყო პროცესი, რომელიც სავალალო შედეგამდე მივა. ამდენი ადამიანის უმუშევრად დარჩენა, პრობლემაა ის რომ მოსახლეობას არ შეუძლია ტელევიზორის, მაცივრის შეძენა. მოგმართავთ თქვენ, რახან ზუგდიდიდან დაიწყო პროცესი, ერთობლივად შევიმუშაოთ მიმართვა პარლამენტისადმი, ორ მაჟორიტარ დეპუტატს, ხალხის ინტერესების გატარებით დაინტერესდნენ. ამ რეგულაციის გადახედვა მოითხოვონ. ეს აუცილებლად დასრულდება იმით, რომ ეს რეგულაცია შეიცვლება, სხვა შემთხვევაში, ქვეყანა მივა კატასტროფამდე", - თქვა შელიამ.

თავის მხრივ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, კონკრეტულად კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამ თქვა, რომ აღნიშნული საბანკო რეგულაციები დროულია და პარლამენტისთვის მიმართვის საჭიროებას ვერ ხედავს. 

"რა თქმა უნდა ცუდი ფაქტია, რომ დაიკეტა მაღაზიები და მოქალაქეებმა დაკარგეს სამსახური. რამ გამოწვია ეს, სიღრმისეულად საფიქრალია. პრობლემამდე მიგვიყვანა ფაქტმა, რომ არ არსებობდა რეგულაციები. დროულია რეგულაციები, რომ უარეს დღეში არ ჩავვარდეთ. ზუგდიდი ტექნიკის გარეშე არ დარჩება, კრედიტი გაიცემა ადამიანზე, ვისაც აქცს გადახდის საშუალება", - აღნიშნა ჭეჟიამ.

მისი თქმით საბანკო რეგულაციები არ გამხდარა მაღაზიების დახურვის მიზეზი.

Print