ახალი ამბები
წითლიძე სკეიტ პარკში სასტუმროს მშენებლობაზე: ყველა მნიშვნელოვანი პრინციპი დარღვეულია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, სკეიტ პარკში, ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით ყველა პრინციპი დარღვეულია. მშენებლობის კონცეფციის საჯარო განხილვაზე წითლიძემ თქვა, რომ ინვესტიციები მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შემთხვევაში მათ სერიოზული ხარვეზები ახლავს.

„ყველა ის პრინციპი, რომელიც დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს ინვესტიციისთვის, რომ იყოს კონკურენცია, ქალაქს უნდა ჰქონდეს განვითარების გენერალური გეგმა და ურბანული განვითარების გეგმა, ყველაფერი დარღვეულია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უნდა გაგრძელდეს საჯარო განხილვები. ის, რომ დღეს თქვენ წარმოადგენთ პრეზენტაციას, უკვე ნიშნავს იმას, რომ სხვა კომპანიებს უკარგავთ შესაძლებლობას და სტიმულს, რომ მიიღონ მონაწილეობა მსგავს განხილვაში“, - აღნიშნა წითლიძემ.

გარდა ამისა, მან დასვა კითხვა, რატომ მიეცა აღნიშნულ კომპანიას უფლება რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს აშენების მაშინ, როცა ამავე ზონაში მშენებლობისთვის ბიზნესმენ ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

„თუ წინა ხელისუფლების პირობებში არ შეიძლებოდა აქ მშენებლობა, ახლა რატომ გახდა ეს კანონიერი? რა არაფორმალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ხელისუფლებასა და კომპანიას შორის? ხომ არ იგეგმება მათთვის ე.წ. შონიას ტექნიკუმისა და მეორე სკოლის გვერდით ბაღის შენობის მიყიდვა? თან, თქვენ ბრძანდებით „ქართული ოცნების“ არაფორმალური შემომწირველი. ეჭვი გვაქვს, რომ საქმე ეხება გარკვეულად კორუფციულ გარიგებას", - თქვა წითლიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ასევე დასვა კითხვა, რატომ არ ესწრებოდა შეხვედრას გუბერნატორი, რადგან კითხვები მის მიმართ ჰქონდა, რაზეც გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ უპასუხა, რომ ის ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებას ახორციელებს და შესაბამისად, სწორედ ამ უფლებამოსილების განხორციელებითაა დაკავებული.

„ყველა ინვესტორს, რომელიც შემოგვთავაზებს უკეთეს იდეას, ამდენს და უფრო მეტ ინვესტიციას და ყველა იდეას, რომელიც იქნება ქალაქის განვითარებისკენ მიმართული, დავუჭერთ მხარს და შევასხამთ ხორცს. რომელი ინვესტორი შევზღუდეთ?“, - აღნიშნა ქანთარიამ.

ზუგდიდის ვიცე-მერმა გიორგი შენგელიამ კი განმარტა, რომ ნებისმიერი ინვესტორის წინადადებებს მუნიციპალიტეტი განიხილავს და სიანტერესო იდეის შემთხვევაში, მათთან თანამსღომლობისთვის გზადაა.

"საინვესტიციო გარემოს ჩვენ არ ვზღუდავთ, პირიქით, ხელს ვუწყობთ, მზად ვართ ვითანამშრომლოთ თითოეულ მათგანთან, რათა დავამტკიცოთ ზუგდიდისთვის და ზუგდიდელებისთვის წარმატებული და მისაღები წინადადება", - თქვა შენგელიამ.

წითლიძეს უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამაც. მისი თქმით, ქარდავას მიერ სასტუმროს მშენებლობა უშუალოდ ეკატერინესა და ნიკოსეული სასახლის გვერდით იყო დაგეგმილი და ეს პარალელი არასწორია.

„სამწუხაროდ, ისტორიული ფუნქცია ამ ტერიტორიამ დაკარგა. წლების განმავლობაში რამდენჯერმე დაირღვა ის პრინციპი, რაც რეკრეაციულ ზონას ეხება. ამ შემთხვევაში კი საუბარია მცირე ტერიტორიაზე, დანარჩენ ადგილს კი სკეიტ პარკში ექნება რეკრეაციული ფუნქცია, ეს შეიძლება ერთგავარად იყო ბოტანიკური ბაღის გაგრძელებაც, სადაც დიდი საზოგადოებრივი სივრცე იქნება“, - თქვა წოწერიამ.


სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სკეიტ პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობის საჯარო განხილვა გაიმართა.

ამავე თემაზე:

კობა ქანთარია: გუბერნია მხარს უჭერს ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს მშენებლობას


Print