ახალი ამბები
ოპოზიციონერი დეპუტატი ყოფილი პროფესიული კოლეჯის m²-ისთვის გადაცემის წინააღმდეგია (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელია ეწინააღმდეგება ზუგდიდის ყოფილი პროფესიული კოლეჯის შენობის დეველოპერული კომპანიისთვის გადაცემას. ამის შესახებ მან სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სასტუმროს მშენებლობის კონცეფციის საჯარო განხილვაზე განაცხადა. მისი თქმით, სასურველი იქნება, თუკი ამ ტერიტორიის ათვისების საშუალება სხვა ინვესტორებს მიეცემათ.

„ეს კოლეჯის შენობა არანაკლებ მიმზიდველია სხვა ინვესტორებისთვის და თუ ეს თქვენთვის არის ტვირთი, იქნებ, სხვა ინვესტორისთვის დაგვიტოვოთ ეს პროფესიული სასწავლებელი. არასწორია საინვესტიციოდ დახურდავება და ხურდად გადაცემა კოლეჯის ინვესტორისთვის. ამიტომაც, ვფიქრობ,რომ უნდა გამოიყოს ამ საინვესტიცო პაკეტიდან „შონიას ტექნიკუმი“, - აღნიშნა შელიამ.



მის საპასუხოდ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ თქვა, რომ ეს საკითხიც საზოგადოების გადასაწყვეტია.

„აუცილებელი არ არის, რომ პროფესიული სასწავლებელი იყოს ცენტრში, თუმცა, რადგანაც ამ შენობას აქვს ისტორიული გამოცდილება, ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა აქ განთავსება, თუმცა, აქაც ზუგდიდელების აზრს გავითვალისწინებთ. ჩვენ გვაქვს პროფესიული კოლეჯის გამოცდილება. ვამზადებთ 600 პროფესიონალს, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს. ეს იქნება პროფესიული კოლეჯი, რომელიც აქტიური ტურიზმის მიმართულებით იქნება, ტურიზმის სექტორის მომსახურე პერსონალის მოსამზადებლად. განათლების სამინისტროსთან და მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით“, - განმარტა ბურდილაძემ.




თავის მხირვ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ საუბარია არა საკუთრებაში გადაცემაზე, არამედ სახელმწიდო საკუთრებაში არსებული შენობის ოპერირებაზე რეაბილიტაციისა და სასწავლო პროცესისთვის.
„მწვავე დეფიციტია პროფესიული სასწავლებლის. არსებობს ისტორიული გამოცდილება, თუმცა დეტალურად არაა გადაწყვეტილი კოლეჯის აქ განთავსება. შეიძლება, გაგრძელდეს კონსულტაციები, თუმცა აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონული პროფესიული სასწავლებელი“, - დასძინა წოწერიამ.

კოლეჯის აღდგენას მიესალმება ყოფილი პროფესიული კოლეჯის დირექტორი იზოლდა ხასია. მისი თქმით, ის შეხვედრაზე სხვა განწყობით მოდიოდა, თუმცა, როგორც ხასია ამბობს, აღმოაჩინა, რომ საქმე ეხება ტურისტულ ცენტრს.

„ეს არ არის მარტო სასტუმრო, ეს არის ტურისტული ცენტრი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით ტურისტული მომსახურების გაწერვას. ეს არის ზუსტად სახელმწიფოს ხედვა, ეკონიკისა და პროფესული განათლების კავშირი და ეკონომიკური დოვლათის შექმნა. ტურიზმი ევრ განვითარდება, თუ პროფესიონალები არ გვეყოლა“, - აღნიშნა ხასიამ.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სკეიტ პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობის საჯარო განხილვა მოეწყო.

ამავე თემაზე:

m² სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში ყინულის სახლის გაფართოებას გეგმავს 

ზუგდიდში, შესაძლოა, პროფესიული სასწავლებელი აღდგეს







Print