ახალი ამბები
აქციის მონაწილეები თენგო ქობალიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ (ვიდეო)
ზუგდიდის მერიის მუნიციპალური ქონების სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის თენგიზ ქობალიას მხარდამჭერები, რომლებმაც ავტომანქანებით მსვლელობა მოაწყეს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ყოფილი მაღალჩინოსნისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ. მათი მტკიცებით, ქობალიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება გამოძიებას ხელს არ შეუშლის.

„ვითხოვთ, რომ გამოუშვან უდანაშაულო ადამიანი. ვმართავთ მშვიდობიან აქციას და სოლიდარობას ვუცხადებთ თენგოს. არავის არ ვუშლით ხელს, მხოლოდ თენგოსთვის ვიბრძვით. კიდევ უფრო მეტი ვიქნებით. სასამართლოს ვთხოვთ, გირაოთი გამოუშვან თენგო ქობალია და გაითვალისწინონ 8000 ადამიანის აზრი“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

საინიციატივო ჯგუფის წევრის და მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორის ხატია ჯანაშიას თქმით, ისინი მიზნის მისაღწევად აქციებს კიდევ გამართავენ.

„ხვალ არის თენგო ქობალიას საქმის არსებითი განხილვა. ჩვენი მოთხოვნაა თენგო გამოუშვან გირაოს სანაცვლოდ. მისი გარეთ ყოფნა არ შეუშლის გამოძიებას ხელს. თენგიზ ქობალის არის უდანაშაულო“, - თქვა ჯანაშიამ.

ქობალიას მხარდასაჭერად აქცია ზუგდიდში რამდენჯერმე გაიმართა.

მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. ქობალიას წინასწარი პატიმრობა 25 დეკემბერს შეეფარდა.

ამავე თემაზე:

თენგო ქობალიას მხარდასაჭერად აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს (ფოტო)


Print