ახალი ამბები
გოგიტა ბიგვავა: სარეკრეაციო ზონის m²-ისთვის გადაცემა ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესია
ზუგდიდის ყოფილი მერობის კანდიდატი სკეიტ პარკის მიმდებარედ სასტუმროს შესაძლო აშენების გამოეხმაურა. მისი თქმით, ის აღნიშნული ტერიტორიის გასხვისების წინააღმდეგია და ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მმართველი გუნდის ზოგად მიდგომებს რეკრეაციულ ზონასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება.

„ადგილობრივი ხელისუფლების აჟიტირებული და ნაჩქარევი მცდელობაა გაასხვისოს ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ სარეკრეაციო ზონა. აღნიშნული მდგომარეობა, სანდოობა დაკარგულ საკრებულოს პრეისტორიის გათვალისწინებით, (ზუგდიდის ყოფილი მერის გარშემო განვითარებული მოვლენები), გონივრულ ეჭვს იწვევს, რომ ქალაქის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო ობიექტის სამშენებლო კომპანია m²-ისთვის გადაცემის მცდელობის უკან დგას ამჟამინდელი ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესები. გარდა იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს სარეკრეაციო ზონების შენარჩუნება და გაფართოება, ეწინააღმდეგება მმართველი გუნდის ზოგად მიდგომებს რეკრეაციულ ზონასთან დაკავშირებით, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას ძვირი დაუჯდება“, - აღნიშნა ბიგვავამ.

ყინულის სასახლის ადგილას კომპანია m² სამსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ სასტუმროს პროექტის პრეზენტაციაზე 25 ნოემბერს ისაუბრა. როგორც ბურდილაძემ აღნიშნა, მას ამ საკითხზე ზუგდიდელების აზრი და შეფასებები აინტერესებს. მისი თქმით, სასტუმრო იქნება საერთაშორისო ბრენდის და ის ხელს არ შეუშლის დადიანების სასახლის ხედს.
Print