ახალი ამბები
ტურიზმის კუთხით სამეგრელო-ზემო სვანეთში შექმნილი ააიპ ფუნქციონირებას ერთ თვეში დაიწყებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ ოთხ თანამდებობაზე ვაკანსია გამოაცხადა. HR.GE-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, DMO აღმასრულებელ დირექტორს, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების, ფინანსურ, პიარისა და მარკეტინგის მენეჯერებს ეძებს. განცხადებები აღნიშნულ პოზიციებზე 14 მარტის ჩათვლით მიიღება.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის ლევან წულაიას ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთ კვირაში კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი ჩატარდება. ორგანიზაცია კი ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაიწყებს.

„შესაბამის კანდიდატებს შეარჩევს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც არიან მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ასევე, ჟიურიში იქნება კერძო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი. კონკურსანტებს განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთ კვირაში გასაუბრება ჩაუტარდებათ და შემდეგ შერჩეული კანდიდატები დაინიშნებიან“, - უთხრა რადიო „ათინათს“ წულაიამ.

მისივე თქმით, რეგიონის 9-ვე მუნიციპალიტეტს ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის, 30 ათასი ლარის გამოყოფის ვალდებულება უკვე აღებული აქვს. რაც შეეხება დაფინანსების სხვა წყაროებს, წულაიამ გვითხრა, რომ ალტერნატიული თანხების მოძიებაზე უკვე დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი და პროექტების მენეჯერი იზრუნებენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და USAID/Zrda-ს ინიციატივით, 2018 წლის 11 დეკემბერს დაფუძნდა. დამფუძნებლების ინფორმაციით, მისი მიზანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაციაა. DMO-ის ოფისი ზუგდიდში განთავსდება.



Print