ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში, შესაძლოა, მერიის რამდენიმე სამსახურის წარმომადგენლები დაიბარონ
ზუგდიდში, საკრებულოს დეპუტატები ჩივიან, რომ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირი არავინაა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე ზედამხედველობის საშუალებას ითხოვენ. 

დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ მათ მიერ დასმულ კითხვებს აღნიშნულთან დაკავშირებით არავინ პასუხობს. 

სოფელ ყულიშკარის მაჟორიტარმა „ქართული ოცნებიდან“ ზაზა პროკოპენკომ აღნიშნა, რომ მის სოფელში წყალმომარაგების სამუშაოები დასრულებულია, თუმცა სოფელს წყალი არ მიეწოდება.

„ვერ ვიპოვე ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ წყალი ჩართოს. არავინ არ იღებს ამაზე პასუხიმგებლობას და ჩვენ თუ არ შეგვიძლია, რომ ამ ყველაფერზე კონტროლი გავწიოთ, არ ვიცი“, - აღნიშნა პროკოპენკომ. 

ამავე აზრზეა კიდევ ერთი დეპუტატი ედიტა კოდუა. ის ამბობს, რომ მის სოფელში გზის სარეაბილიტაციო სამუშოაოები უხარისხოდ შესრულდა და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. კოდუა მიიჩნევს, რომ გარკვეული კონტროლის მექანიზმი საკრებულოს დეპუტატებისთვის უნდა არსებობდეს.

ფრაქცია „ენმ“-ის თავმჯდომარე ანა წითლიძე კი ამბობს, რომ აღნიშნულ პროექტებზე პასუხიმგებლობა საკრებულოს დეპუტატებსაც ეკისრებათ, ამიტომაც აუცილებელია, რომ რამე სახით მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩატარებულ სამუშაოებს ზედამხედველობა ჩაუტარონ. 

„ქვაფენილებზე, ჭაბურღილებზე, წყალმომარაგებაზე და სხვა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე არავინაა პასუხისმგებელი. ყოველთვის ისე ხდება, რომ ზედამხედველობის სამსახური ან თვალს ხუჭავს, ან ეპარება რაღაც... დასაქმებულ მუშებს არ უხდიან ხელფასებს და ამაზე პასუხს ვერავინ სცემს, სოციალური სახლების მაგალითზე, თუნდაც“, -თქვა წითლიძემ. 

მათ საპასუხოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბესიკ ჭეჟიამ აღნიშნა, რომ, შესაძლოა, საკრებულოზე მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლები მოიწვიონ და აღნიშნული პრობლემების შესახებ პასუხები მათგან მოისმინონ. 

„პირველ ეტაპზე, ალბათ, უნდა მოვუსმინოთ კომპეტენტურ პირებს და შემდეგ უკვე დავიგეგმოთ, როგორ შეიძლება ამ კუთხით ვიმუშაოთ“, - უთხრა დეპუტატებს ჭეჟიამ. 

დეპუტატებმა ასევე ითხოვეს სატენდერო კომისიაში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ, თუმცა, როგორც საკრებულოს წევრმა სანდრო სორდიამ მათ განუმარტა, აღნიშნული კომისიის შემადგენლობა კანონმდებლობითაა განსაზღვრული და დეპუტატებს მასში მონაწილეობა მხოლოდ როგორც ექსპერტებს შეუძლიათ.

Print