რეგიონი
ზუგდიდში საქონლის ქურდობისთვის ერთი ადამიანი დააკავეს, ორი კი ამხილეს
სამართალდამცავებმა მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს, 1994 წელს დაბადებული ზ.უ. და არასრულწლოვანი - 2002 წელს დაბადებული ლ.ჩ. კი ამხილეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ს.-მ, ორ თანამზრახველთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარა. ამასთან, სამინისტროში ამბობენ, რომ რომ ლ.ს.-მ სხვადასხვა დროს ზუგდიდსა და მის მიმდებარე სოფლებში კიდევ 4 მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარა და ნაქურდალის უკანონო რეალიზაცია მოახდინა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print