ახალი ამბები
ჩხორიაში დაზიანებული ხიდი ხის ბოძებით გაამაგრეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში დაზიანებული ხიდი დროებით, ხის ბოძებითაა გამაგრებული. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე მარიკა თოდუა წერს. მისივე ინფორმაციით, ხიდის თავი, რომელიც მონგრეული იყო, ნაპირს დროებითი კონსტრუქციით შეუერთდა.

სამუშაოები პირველ მარტს ჩატარდა. მანამდე კი თოდუა წერდა, რომ ხიდს მიღმა მცხოვრები მიცვალებულის დატირება დაზიანებული ხიდის გამო მეზობლებსა და ახლობლებს უჭირდათ.

მარიკა თოდუას თქმით, ხიდი გასული წლის აგვისტოში დაზიანდა და ამ დრომდე ვითარება არ შეცვლილა. მისივე განმარტებით, ეს ერთადერთი ხიდია, რომლითაც ორი ოჯახი სარგებლობს. ის ასევე წერდა, რომ ხიდს გაღმა ავადმყოფი მოხუცი ცხოვრობდა და სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე ვერ მიდიოდა.

ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

Print