ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში სათათბირო ორგანო შეიქმნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წელს პირველად საზოგადოებრივი დარბაზი შეიქმნა, რომელიც საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო იქნება. შესაბამისი დებულება დეპუტატებს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ თამუნა ჯიქიამ გააცნო.

დებულების თანახმად, სათათბირო ორგანოში გაწევრიანება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერ დაინტერესებულ სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირის წარმომადგენელს შეუძლია, წევრთა რაოდენობა კი შეზღუდული არ არის.

საზოგადოებრივი დარბაზის წევრებს შეუძლიათ, გარკვეულწილად ჩაერთონ საკრებულოს საქმიანობაში, პრობლემებისა და მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ მოამზადონ წინადადებები და მიმართონ წარმომადგენლობით ორგანოსა და მერს, წარადგინონ საკუთარი ინიციატივები და მოსაზრებები, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში და სხვა.

საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა, მინიმუმ, თვეში ერთხელ ჩატარდება. გადაწყვეტილებები კი ღია კენჭისყრის საშუალებით მიიღება.

სათათბირო ორგანოს შექმნას მხარი დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს.





Print