ახალი ამბები
როგორ ვისწავლოთ სამაგიდო თამაშით ჟესტური ენა - პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
{{PHOTOGALLERY}}ზუგდიდში სოციალურ კაფე "MegoBar-ში" სამაგიდო თამაშის „ჩუ“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ჟესტურ ენას ასწავლის. თამაშის ავტორის სალომე წიქვაძე თქმით, პრინციპი მარტივია. მან დღეს 32 ჟესტი წარადგინა, რომელიც ბარათზეა გამოსახული.

„ჩვენ შევქმენით სამაგიდო თამაში სახელწოდებით „ჩუ“, რომელიც მიზნად ისახავს ჟესტური ენის პოპულარიზაციას და სმენის არმქონე ადამინების საზოგადოებაში ინტეგრაციას. თამაშის პროცესში ძალიან მარტივად და სახალისო მეთოდით სწავლობენ ჟესტურ ენას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თამაშის პროცესში კომუნიკაციის დამყარება სმენის არმქონე ადამიანთან, რათა ისწავლო მისი ენა და გაიმარტივო კომუნიკაცია“, - ამბობს სალომე წიქვაძე.

თამაშის შემქმნელს იდეის განხორციელებაში ძმა დაეხმარა. გურამ წიქვაძე განმარტავს, რომ ამ მეთოდით ჟესტური ენის სწავლა დაფუძნებულია თამაშზე „სიტყვობანა“, რომელიც მეხსიერებაზეა დამოკიდებული.

„თამაშს იწყებს ყველაზე პატარა, ატრიალებს პირველ ჟესტს, რომელიც არის გამოსახული კარტის დასტაზე და იმეორებს მას. ჟესტები, რომლებიც ბარათზეა გამოსახული, ისრების მეშვეობით მიგვითითებს თითოეულ მოძრაობას“, - თქვა მან.

პრეზენტაციას და თამაშით ჟესტების ენის ათვისებას სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად საქართველოს ყრუთა კავშირის თარჯიმანი ნონა კვარაცხელია ესწრებოდა. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება საინტერესო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყებთათვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო ამ ღონისძიების ორგანიზატორებს. ძალიან მომწონს ეს მეთოდი და მსგავსი აქტივობები, რომელიც ჟესტური ენის სწავლას და მის პოპულარიზაციას ემსახურება. ძალიან კარგია დამწყებთათვის, რადგან თამაშ-თამაშით შეისწავლიან ჟესტურ ენას“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.

“ჩუ“ჟესტური ენის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი სოციალური საწარმოა, რომელიც სამაგიდო თამაშების მეშვეობით ცდილობს საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობას. თამაშის პრეზენტაცია, ზუგდიდის გარდა, სხვა ქალაქებშიც იგეგმება.






Print