ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშია: ფაროსანას პროგრამა და მეთხილეთა ასოციაცია ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაა
„სამეგრელოს ხმის" ლიდერი თენგიზ ჯგუშია ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ზუგდიდის მერობის არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. მისი მტკიცებით, სავარაუდო გაყალბების მცდელობაში ჩართულია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია. ამისთვის ის, ჯგუშიას ინფორმაციით, მეთხილეთა ასოციაციას  და ფაროსანას პროგრამას იყენებს.

„გუშინ მე გავაკეთე ძალიან მწვავე განცხადება არჩევნების გაყალბების კუთხით. ძალიან ბევრი ვესაუბრე მოსახლეობას, ყველა განიცდის, ნერვიულობს და ეშინიათ იმის, რომ მთავრობა არჩევნებს გააყალბებს. ამის კონკრეტულ ნიშნებს კი მოქალაქეები ხედავენ. ასევე ვისაუბრე იმაზე, თუ როგორ აწერინებენ მოსახლეობას ბრმად სიებზე ხელს. საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში სიების და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. გუბერნატორი აკეთებს რაღაც ფაროსანას პროგრამას და ძალით აწევრიანებენ აქ მოსახლეობას, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. თუ გინდათ დახმარება მეთხილეების და ფერმერების, გამოყოს სახელმწიფომ თანხები. დაანებეთ თავი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, დაანებეთ თავი მეთხილეების მოსყიდვას. მოწერელიას მეთხილეთა ასოციაცია, რომელიც მას ჰქონდა გუბერნატორობამდე ისევ არსებობს და იყენებს მას იმისთვის, რომ საარჩევნოდ ფერმერების ხმები გადმოიბიროს, ეს დაახლოებით კარტოფილის დარიგებას ჰგავს“, - თქვა ჯგუშიამ.

მან მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეც მიულოცა.


Print