ახალი ამბები
ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ბრალდებულის დედას სასამართლოში იძულების წესით მოიყვანენ
მესტიის საკრებულოს წევრის ლომარ ნიგურიანის მკვლელობის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლომ ბრალდებულის დედის მოწმის სახით იძულების წესით მოყვანის გადწყვეტილება მიიღო. აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. საქმის პროკურორის ლევან ფიფიას განმარტებით, ბრალდებულის მამუკა ნიგურიანის დედა ვარდო ფალიანი პროცესზე ბევრჯერ დაიბარა, თუმცა ის პროცესზე არ გამოცხადებულა. მოწმის იძულებით გამოცხადების შესახებ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატის როზეტა შეროზიას თქმით, შეიძლება, დედას შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა არ სურდეს.

შემდეგ პროცესზე, რომელიც 26 მარტს გაიმართება, ორ მოწმეს - ვარდო ფალიანს და ექსპერტს ბადრი სარჩიმელიას მოუსმენენ. ამ დრომდე არ დაკითხულა გარდაცვლილი ლომარ ნიგურიანის შვილი, რომელიც მკვლელობის უშუალო მოწმეა. ბრალდების მხარის განმარტებით, მას არ სურს ჩვენების მიცემა და იძულების წესით ვერ გამოიძახებენ გამომდინარე იქიდან, რომ ის არასრულწლოვანია.

2017 წლის 25 დეკემბერს მესტიის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლომარ ნიგურიანი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ ეზოში მოკლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ და ის მიმალვაშია.

ამავე თემაზე:
მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობის საქმეზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო
Print