ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე ია კერზაიას საქმეზე: წამზომზე აპელირება არასწორია
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების წერილს გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველას ინტერესია, რომ საქმე დროულად იქნეს გამოძიებული, თუმცა, როგორც ბახტაძე ამბობს, წამზომზე აპელირება არასწორია.

„ეს არის ადამიანური ტრაგედია და მე კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში ძალიან მაღალი ინტერესია, ამ ტრაგედიის გარშემო თითოეული დეტალი გაირკვეს. ჩვენ, ამავე დროს, მოვისმინეთ განათლების მინისტრის კომენტარი და ის ყოველთვის მზად არის, რომ საზოგადოებას უპასუხოს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ვიცით, რომ პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას. მე ისიც კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში ინტერესია, რაც შეიძლება დროულად მოხდეს გამოძიების შედეგების დადგენა არა მხოლოდ ამ, არამედ ნებისმიერ საკითხზე, სადაც მაღალი საჯარო ინტერესია. აქვე მინდა ვთქვა, რომ მეც მაქვს ეს ინტერესი, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს გარკვევა, რეალურად რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ წამზომზე აპელირება იმის ფონზე, რომ ჩვენ გვინდა რეალური შედეგი მივიღოთ, შეიძლება არ იყოს სწორი მიდგომა. ჩვენ გვსურს, თითოეული დეტალი და ნიუანსი გაირკვეს, საგამოძიებო ორგანოებმა იციან ამის შესახებ და დარწმუნებული ვარ, ისინი თავის პროფესიულ მოვალეობას უმაღლეს დონეზე შეასრულებენ“, - განაცხადა ბახტაძემ.

განცხადებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა ზუგდიდის მეექვსე სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია და აღნიშნა, რომ გამოძიებისკენ ნაბიჯების გადასადგმელად მთავრობას 5 დღიან ვადას აძლევს.

„პირველი ნაბიჯი კი უნდა იყოს მიხეილ ბატიაშვილი გათავისუფლება მინისტრის თანამდებობიდან, რომელიც ხელს უშლის გამოძიებას და მის უწყებაში აქტიურად ხორციელდება საქმის გაყალბება. თუმცა, რა გათავისუფლებაზე ან გამოძიებაზეა საუბარი, როდესაც ის, როგორც საქმის მთავარი ეჭვმიტანილი გამოკითხულიც არ არის ოთხის თვის თავზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ ეს არის სისტემური დანაშაული, ვინაიდან დანაშაულის დაფარვაც, გამოძიებისთვის ხელის შეშლაც და განგებ გაჭიანურებაც არის დანაშაული. საკმარისად ველოდეთ, მოქმედებების დრო მოვიდა“, - წერს შენგელია.



Print