ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გაერთიანების დროა
"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილიმა ნიკოსეული სასახლის მიმდებარედ მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას ოფიციალურ წარდგენაზე მოსახლეობას მიმართა.
"ჩვენ ვიცით, რომ პრობლემები ძალიან ბევრია ქვეყანაში. მე ასევე ვიტყოდი რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. შემდეგი, ეს არის ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. ადამიანები ხელოვნურად ცდილობენ მუდმივად დაძაბულობის შემოტანას საზოგადოებაში, რაც კარგს არაფერს მოგვიტანს. დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს გაერთიანება. მე ასევე მინდა ვისაუბრო ჩვენს შემდეგ გამოწვევაზე, რომელზეც პრემიერს არა ერთხელ უსაუბრია, ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. სულ რამდენიმე კილომეტრში ჩვენი ტკივილი და ჩვენი სიამაყე - აფხაზეთია. აქაც მინდა იგივე გავიმეორო, რომელიც უკვე ვახსენე, თუ ჩვენ ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს არ ვაჩვენეთ, რომ ვართ სტაბილურად, რომ ვვითარდებით, რომ ვართ ძლიერები, ვართ ერთიანი, ჩვენ მათ ვერ დავარწმუნებთ იმაში, რომ დადგა გაერთიანების დრო. ამიტომ ეს უნდა გვახსოვდეს, ჯერ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნის გარშემო და ეს მიზანი უნდა იყოს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო,ამის შემდეგ ჩვენ უნდა შემოვიერთოთ ჩვენი ძმები და დები, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი.

ჩვენმა გუნდმა შეარჩია ძალიან ღირსეული კანდიდატი, ღირსეული ზუგდიდელი, რომელიც არის წესიერი და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი. მინდა წარმატება ვუსურვო მას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მანამდე შეკრებილებს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სიტყვით მიმართა.

Print