ახალი ამბები
ზუგდიდში საინიციატივო ჯგუფებმა ხელმოწერები სამი კანდიდატის დასარეგისტრირებლად წარადგინეს
საინიციატივო ჯგუფებმა ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატების ზვიად სიჭინავას, თენგიზ ჯგუშიას და დავით თორდიას დასარეგისტრირებლად ხელმოწერები საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა უთხრა. მისივე ინფორმაციით, ხელმოწერების წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა.

„ჩავიბარეთ ხელმოწერები, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ დაგვირეგისტრირებია. შევამოწმებთ, თუ ხარვეზი დაუდგინდათ, გამოსასწორებლად ერთდღიანი ვადა მიეცემათ და ამის შემდგომ დარეგისტრირდებიან. ჯერჯერობით, პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებს დარეგისტრირების მოთხოვნით არ მოუმართავთ”, - აღნიშნა მირანდა მესხმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.


Print