რეგიონი
დაკავებული აქციის მონაწილე გაათავისუფლეს
ზუგდიდში, ბესიკ დგებუაძის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული მისივე თანასოფლელი ბაჩანა ჭანტურია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

მანამდე პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია მისი გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარეობდა. სამართალდამცავებმა ჭანტურია, შსს-ს ინფორმაციით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

შამგონას მკვიდრის ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია ორი დღეა მიმდინარეობს. სამხარეო პოლიციის შენობასთან სიტუაცია რამდენიმეჯერ დაიძაბა, საბოლოოდ კი, ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.

დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით ზუგდიდში დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

დაკავებულების ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, ძმებს ბრალი 120-ე და 370-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს. მისი თქმით, დგებუაძეები უკანონოდ დააკავეს და მათთვის თავისუფლების აღსაკვეთად სასამართლოს შესაბამისი საფუძველი არ ჰქონდა.
Print