ახალი ამბები
ზუგდიდში ბესიკ დგებუაძის მხარდასაჭერი აქცია დასრულდა
ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან გამართული აქცია მას შემდეგ დასრულდა, რაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები ოლქის  პროკურორს შეხვდნენ. დაკავებულის მამის ვლადიმერ დგებუაძის თქმით, მან პროკურორს ციხეში მყოფი შვილის ჯანმრთლობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისივე განმარტებით, პროკურატურა სასამართლო პროცესზე ამ გარემოებას გაითვალისწინებს, თუ შესაბამის ცნობას წარადგენენ. ოჯახი ამ ეტაპზე შვილის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს.

„მე და ჩემი შვილები შევხვდით ოლქის პროკურორს. ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა ციხეში. ამის შესახებ ვესაუბრე პროკურორს. ხვალ ადვოკატი წავა ქუთაისის ციხეში და წამოიღებს ჯანმრთელობის ცნობას, რასაც წარვადგენთ სასამართლოში და მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას“, - აღნიშნა მან.

თავდაპირველად დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები ზუგდიდის რაიონულ პროკურორთან ლევან სალიასთან შეხვედრას ითხოვდნენ, შემდეგ კი გადაწყვიტეს, რომ მსვლელობით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან  გადაენაცვლათ. საბოლოოდ, მათ გზად გადაიფიქრეს და კვლავ პროკურატურასთან დაბრუნდნენ.

ბრალდებულის ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 27 აპრილს გაიმართება და დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს. დგებუაძე, რომელსაც ბრალი ორი - 120-ე და 370-ე მუხლებით ედება, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ამავე თემაზე:

დგებუაძის ოჯახის წევრები სავარაუდოდ პროკურორს ხვდებიან (ვიდეო)
Print