ახალი ამბები
STOP BULLYING - გიგი სიჭინავას ნახატში
ზუგდიდელმა მოზარდმა გიგი სიჭინავამ ბულინგის თემაზე პორტრეტი დახატა. ნამუშევარში მის მიერ გამოგონილი პერსონაჟი 10 წლის ნიკუშა გამოსახული, რომელსაც სახეზე დაზიანებები აღენიშნება და თანატოლები დასცინიან. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გიგის დედამ ნათია სახოკიამ უთხრა.

„როგორც მითხრა ბულინგის თემაზე პორტრეტის დახატვა დაავალეს. ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ იცოდა კარგად, რომ ავუხსენი ძალიან განიცადა. პერსონაჟის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ნახატში ემოცია ზუსტად აქვს გადმოცემული“, - ამბობს პატარა მხატვრის დედა.

გიგი სიჭინავა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდია. მას საკუთარი სახელოსნოც აქვს, რომელიც მშობლებმა გაუხსნეს. გი­გის 250-მდე პორტრეტი, 60-ზე მეტი ნახატი და 300-მდე ინოვაციური მანქანა და ნაძერწი ნივთი აქვს, მონაწილეობა მიიღო არაერთ გამოფენაში.



Print