ახალი ამბები
ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონზე მეტი გამოიყო
ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. შესაბამისი ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა და სამუშაოებისთვის 5 მილიონ 200 ათასზე მეტი ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 5 თვეში უნდა დაასრულოს, ორი წლის განმავლობაში კი შესაძლო ყველა დაზიანებაზე პასუხისმგებელი თავად იქნება.

შესყიდვის ტექნიკურ დავალებაში ვკითხულობთ, რომ გამარჯვებულმა მოსამზადებელი სამუშაოები, მიწის ვაკისის მოწყობა, ხელოვნური ნაგებობების, საგზაო სამოსის მოწყობა, გზის კუთვნილება და მოწყობილება უნდა უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში საუბარია განსახლებაზეც.

რეაბილიტაციისთვის პროექტი ზუგდიდის მერიის დაკვეთით შპს „გზაჯვარედინი ოცდამეერთემ" მოამზადა.

ტენდერში, რომელიც 3 მაისს გამოცხადდა, წინადადებები 22-დან 27 მაისის ჩათვლით მიიღება.

Print