ახალი ამბები
ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული დღეს ზუგდიდში გამოვლინდება
ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრობის სასახლეში ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელზეც შვიდი პრეტენდენტია წარდგენილი. პრემიაზე წარდგენილებს შორისაა ასოციაცია „ათინათის“ გამგეობის თავმჯდომარე გია ხასია.

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა პრემიაზე ნინელი ანდრიაძე წარადგინა, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტმა - იულია ხარაშვილი, რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა „თანაზიარმა“ და ასოციაცია „იმედმა-“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის - ქრისტინა კილანავა, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესუსრცენტრმა - ნონა შონია, გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ორგანიზაცია „დეამ“-მარინე ზუხბაია, საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „საუნჯემ“ - ნინო კალანდარიშვილი.

ღონისძიების ორგანიზატორის, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის „ნდობა მშვიდობისთვის“ ინფორმაციით, ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დაარსების მიზანია, მშვიდობის მშენებლობისა და განმტკიცების პროცესში ჩართული აქტივისტების ღვაწლის დაფასება, საზოგადოებაში სამშვიდობო ხედვების აქტუალიზება და ნდობის მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების წახალისება.

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია არის პირველი ჯილდო საქართველოში მშვიდობის დარგში, რომელიც ზუგდიდში დაიდებს ბინას და ყოველწლიურად გადაეცემა მშვიდობის აქტივისტს. მისი დაარსების იდეა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს სალომე ადამიას ეკუთვნის.

ღონისძიება ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსთან საქართველოში თანამშრომლობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით ტარდება.
პრემიის მხარდამჭერები არიან:

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის ინსტიტუტი / ჰააგა
მოქმედება ტრანსფორმაციისთვის / კავკასიის ოფისი
გამომცემლობა „ინტელექტი“
ქალთა ქსელი მშვიდობისთვის / ბონი

ბერტა ფონ ზუტნერი იყო ევროპელი მშვიდობისმყოფელი და მწერალი, რომელიც საქართველოში ცხოვრების შედეგად იქცა პაციფისტად. იგი იყო პირველი ქალი, რომელიც 1905 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.


Print