ახალი ამბები
ეროვნული მოძრაობის წევრების ფორუმი თუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი წინასაარჩევნო შეკრება (ვიდეო)
დღეს ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ეროვნული მოძრაობის წევრები იყვნენ შეკრებილები, სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გამოვიდა. მისი სიტყვებით, დღესდღეობით, ბევრი მებრძოლი არ არის სათანადოდ დაფასებული. გამახარია შეკრებილებს დაპირდა, რომ მათ სატკივარსა და სათხოვარს ხელისუფლებამდე მიიტანს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დარბაზში „ქართული ოცნების“ დროშები იყო გამოფენილი, მონაწილეებს კი ენმ-ის საწინააღმდეგო გაზეთები დახვდათ, გამახარია ამბობს, რომ პოილიტურ მოვლენებს გვერდს ვერ აუვლიდნენ.

„არჩევნებს ნამდვილად არ უკავშირდება ეს შეხვედრა, თუმცა მიმდინარე მოვლენებს გვერდს ვერ ავუვლიდით. ამ ხალხს დავპირდი, რომ აქ გამოვლენილი პრობლემები დაყენებული იქნება ხელისუფლების წინაშე. ეს აუცილებელია, რადგან მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია ეს პრობლემები მოაგვაროს“, - აღნიშნა გამახარიამ.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ეროვნული გვარდიის ზუგდიდის ბატალიონის ხელმძღვანელი ვახტანგ (ლოთი) ქობალია, რომელმაც განმარტა, რომ შეხვედრის მიზანი საარჩევნო თემატიკაზე საუბარი არ არის და მათი შეკრების მთავარი მიზანი ეროვნული მოძრაობის საქმიანობის განხილვა და სამომავლო გეგმებია.

შეხვედრა სიტყვებით „მატყუარები არიან ესენი“ დატოვა ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

შეკრებაზე „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას მხარდამჭერი განცხადბებიც გაჟღერდა, მანამდე კი შეხვედრა ა(ა)იპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა" მადონა მაქაცარიამ გახსნა და აღნიშნა, რომ ყველას შეეძლო მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენეზე საკუთარი აზრის გამოხატვა.



Print