პოლიტიკა
გიორგი შენგელია პასუხობს სანდრა რულოვსის შეთავაზებას დებატების განმუხურის ამფითეატრში ჩატარებაზე
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია პასუხობს მისი კონკურენტის შეათავაზებას საჯარო დებატების განმუხურის ამფითეატრში ჩატარების შესახებ. როგორც რადიო „ათინათს“ საარჩევნო შტაბში უთხრეს, შენგელიას მხრიდან კვლავ ძალაშია შეთავაზება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დებატებზე, სადაც, ყველა ნაციონალური ტელევიზიის ჟურნალისტს ექნება კითხვის დასმის საშუალება. შენგელია მიიჩნევს, რომ სანდრა რულოვსი მასთან პირისპირ საქმიან დისკუსიასა და ზუგდიდის მომავალზე კონკრეტულ საუბარს „გაურბის“.

„ ისინი ცდილობენ ხალხის დაპირისპირებას. მე ზუგდიდელებს ერთმანეთს არ დავაპირისპირებ! მე ამ მიზნით არ შემითავაზებია დებატები. ჩემი მიზანი იყო, ზუგდიდელებს მოესმინათ ჩვენი კონკრეტული გეგმების შესახებ. მე დავიბადე, გავიზარდე ზუგდიდში და არ დავუშვებ აქ არეულობას. მე ყველას მერი ვიქნები. მათ უნდათ რევანში, ჩვენ - მშვიდობა და ხალხის კეთილდღეობა. პოლიტიკური წინასაარჩევნო დებატი უნდა იყოს საქმიანი და მას აქვს თავისი ფორმა - ასეა ყველა ნორმალურ ქვეყანაში. მათ შორის ჰოლანდიაშიც და ასეა საქართველოშიც. მე არ ვაპირებ პოლიტიკურ ცირკში მონაწილეობას და მითუმეტეს ამ ცირკში რიგითი ზუგდიდელების გამოყენებას რა თქმა უნდა, თანახმა ვარ მოვიწვიოთ ყველა ტელევიზიის ჟურნალისტი. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანხმობის შემთხევაში, შეგვიძლია მოვნახოთ მაქსიმალურად ნეიტრალური ფორმატი, სადაც ყველა ტელევიზიის ჟურნალისტს შეეძლება კითხვების დასმა. ეს იქნება მნიშვნელოვანი ზუგდიდელების და საერთო ეროვნულ დონეზე დააყენებს ჩვენი, როგორც კანდიდატების პასუხისმგებლობას ზუგდიდელების წინაშე. ქალბატონ სანდრას კიდევ ერთხელ ვთავაზობ დებატებს და ნუ გაექცევა კონკრეტულ საკითხებზე და გამოწვევებზე საუბარს, რაც ზუგდიდელებს რეალურად აინტერესებთ” - აცხადებს მმართველი პარტიის კანდიდატი. 

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ 7 მაისს, ტელეკომპანია ,,იმედის“ პირდაპირ ეთერში, თოქ-შოუში ,,პირისპირ“ განაცხადა, რომ სანდრა რულოვსს დებატებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელში იწვევდა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა დღეს სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა. რულოვსის განცხადებით, დებატებზე თანახმაა, თუმცა არა ტელევიზიაშილ, არამედი ღია სივრცეში, კონკრეტულად კი განმუხურის ამფითეატრში, სადაც, მისი თქმით, დებატებში კითხვის დასმის შესაძლებლობა ნებისმიერ ჟურნალისტს და ზუგდიდელს ექნება.

Print