ახალი ამბები
მინისტრი გიორგი შენგელიას: ვფიქრობ, რომ თქვენი სახით ზუგდიდს ეყოლება ღირსეული მერი
ზუგდიდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მერობის კანდიდატთან გიორგი შენგელიასთან ერთად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მინსტრმა მათ უთხრა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას საჭიროებს კარგ კოორდინაციას ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია, იმ პროგრამების შესახებ რაც ხორციელდება. სერგეენკოს განმარტებით, იგი დარწმუნებულია, რომ გიორგი შენგელია იქნება ის ადამიანი ვისთანაც სამინისტროს ეფექტური თანამშრომლობა ექნება. მან მერობის კანდიდატს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ შენგელიას სახით ზუგდიდს ღირსეული მერი ეყოლება.

„იმ პროგრამების შესახებ ინფორმაცია,  რაც აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას ხშირ შემთხვევაში არ მიდის მოქალაქეებამდე. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია გვქონდეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ამიტომ ვარ ახლა თქვენ გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ფორმატში კოლეგიალური საუბრებისთვის სულ მზად ვართ, მაგრამ ეს ფორმატი იმიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ  მინდა გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ  გეგა შენგელია ნამდვილად არის ის ადამიანი ვისთანაც ჩვენ გვექნება ეფექტური თანამშრომლობა და შევძლებთ, რომ თითოეული მოქალაქის ტვირთი საგრძნობლად შევამსუბუქოთ, იმ ცენტრალური და ადგილობრივი პროგრამების ფარგლებში, რომელიც გვაქვს. მინდა, რომ  ამ შესანიშნავ ადამინს კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ჩემი მხარდაჭერა - ვფიქრობ, რომ თქვენი სახით ზუგდიდს ეყოლება ღირსეული მერი, რომელთანაც ჩვენ შევძლებთ კარგ თანამშრომლობას“, - აღნიშნა სერგეენკომ.  

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომელმაც თავის მხრივ მხარდაჭერა გამოუცხადა მერობის კანდიდატს.  მან ასევე მედიკოსებს ახალი ინიციატივის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რის თანახმადაც  სამედიცინო პერსონალზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა დასჯადი გახდება.

„შეშინებული და ზეწოლის ქვეშ მყოფი ექიმი და ექთანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას ისეთს, როგორიც პაციენტს სჭირდება. ეს არის პრევენციისათვის, რომ არ მოხდეს ჩვენი კოლეგების აუტანელი წნეხის ქვეშ მოქცევა, რომელიც იმავე პაციენტის ინტერესებს აზიანებს. უახლოეს დღეებში ჩვენ ამ ინიციატივას დავაინიცირებთ და გვინდოდა, რომ თქვენთვისაც გვეთქვა“, - აღნიშნა ზოიძემ.

დამსწრეებს სიტყვით  მერობის კანდიდატმაც მიმართა. გიორგი შენგელიამ მათ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრა ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა და მას სამეგრელო-ზემო სვენეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
Print