ახალი ამბები
გიორგი შენგელია: ზუგდიდს ახალი სტადიონი 2020 წლისთვის ექნება
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ექიმებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ესწრებოდნენ, ექიმებს კითხვისა დამის საშუალება ჰქონდათ. ისინი მშენებარე სტადიონის საკითხით დაინტერესდნენ, რაზეც მერობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ზუგდიდს ახალი საფეხბურთო მოედანი მომდევნო წელს ექნება.

„პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია, რაზეც 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, თუმცა საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი. ამ სტადიონის მშენებლობის. მეორე ეტაპისთვის გათვალისწინებული იყო გადახურვა და დამატებითი მოედნების მშენებლობა, რომელსაც ასევე 9 მილიონ ლარამდე დასჭირდება. ჩვენ გვაქვს სრული ხარჯთაღრიცხვა. ახლა ვაწარმოებთ მის ექსპერტიზას და ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპისთვის ძირითადი ნაწილი დავასრულოთ, ისე რომ მას ზიანი არ მიადგეს. ამას დაახლოებით 4 მილიონი დასჭირდება, რომელიც ახლა 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყება. შემდგომ ვიზრუნებთ დანარჩენი თანხების მობილიზებაზე, რათა დამატებითი მოედნები გავაკეთოთ, რომ სტადიონმა უეფას მესამე კატეგორიის ფუნქცია შეიძინოს. ადგილობრივი ჩემპიონატისა და საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობისთვის მთავრია იყოს გუნდი და ის ხალხი ვინც ითამაშებს. ჩვენ სტადიონი 2020 წლის პირველ ნახევარში გვექნება“, - აღნიშნა შენგელიამ.

ახალი სტადიონის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების პროექტირება გასული წლის ზაფხულში დასრულდა, თუმცა მერიას ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. როგორც ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა ამბობს, ამ ეტაპზე ექსპერტიზა მიმდინარეობს, რაც გარკვეულ ვადებთანაა დაკავშირებული, თუმცა როდის გამოცხადდება მშენებლობის მეორე ეტაპზე ტენდერი, ჯერჯერობით უცნობია.

პირველ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები კომპანია "დაგმა" განახორციელა.

პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი იყო გათვალისწინებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

ამავე თემაზე:

დაგი: ჩვენი ხარვეზი არ არის, მაგრამ დაზიანებებს გამოვასწორებთ
Print