ახალი ამბები
ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ოპოზიცია „ქართული ოცნების“ შტაბს აბრალებს
გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში, დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტს „ქართულ ოცნებას“  უკავშირებს. ოპოზიციურ პარტიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ დღევანდელ ინციდენტში მონაწილე ადამიანები, ის პირები არიან, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სოფელ რიყეში დაესხნენ თავს.

„ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პარტიის ფოტოგრაფს და კიდევ რამდენიმე ადამიანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. სანდრა რულოვსზეც ცდილობდნენ თავდასხმას, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ. ეს უკავშირდება „ქართული ოცნების“  შტაბს, იგივე ადამიანები არიან, ვინც თავს დაგვესხა რამდენიმე დღის წინ. ესენი არიან ზაზა და იკა შელიები, გელა კვარაცხელია, ვინმე ძაძუა და ა.შ“, - ამბობს პარტიის ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარე ანა წითლიძე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ეკა წამალაშვილი, რომელიც ინცინდენტის თვითმხილველიამ, ამბობს, რომ ოთხი ადამიანი, რომელიც მათ თავს დაესხა, გამოირჩეოდა აგრესიულობით. წამალაშვილის ინფორმაციით, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ისინი გადაცემის ჩაწერაში მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„დღეს დილით ვიმყოფებოდი დადიანების სასახლის ეზოში, სადაც ქალბატონ სანდრას უნდა ჩაეწერა გადაცემა. უნდა ელაპარაკა კულტურული მემკვიდრეობის ამ ძალიან მნიშვნელოვან ძეგლზე. არ იყო ეს პოლიტიკური ფორმატის გადაცემა. შემოიჭრა ოთხი ძალიან აგრესიული ადამიანი. მიუვარდნენ ზალიკო სამადაშვილს. იგინებოდნენ, შემდეგ გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. აშკარად იყვნენ სუს-ის ზონდერები. ბოლოს მოვიდნენ პოლიციის​ წარმომადგენელები და დადეს პირობა, რომ იმოქმედებდნენ“, - აღნიშნა წამალაშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიცია სამართალდამცავებისგან დროულ რეაგირებას და დამნაშავეების დაკავებას ითხოვს.

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს ერთ-ერთი გადაცემისთვის იწერდნენ, ინციდენტი მოხდა.

ამავე თემაზე:
ფიზიკური დაპირისპირება დადიანების ეზოში გადაცემის ჩაწერის დროს (ვიდეო)
Print