რეგიონი
გახარია ზუგდიდის ინცინდენტზე: ყველა შემთხვევას დეტალურად გამოვიძიებთ
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარაია აცხადებს, რომ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარი ინცინდენტის ყველა დეტალი გამოძიებული იქნება. გახარიას თქმით, შს სამინისტროსთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება დამნაშავე წარმოდგენილი.


„წინა არჩევნები შეფასებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, როგორც ძალადობისგან ყველაზე სუფთა და თავისუფალი არჩევნები. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ექსცესი იქნება დეტალურად გამოძიებული და არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დამნაშავე, მიეცემა პასუხისმგებლობაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობდა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი გადაღების უფლებას არ აძლევს ოპერტაორს და ფოტოგრაფს. ჯერჯერობით გაურკვეველი პირები გადამღებ ჯგუფს ფიზიკურადაც შეეხნენ. 

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ზუგდიდის პოლიციაში უკვე დაიკითხა ოპოზიციის ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე. ძალოვან უწყებაში გამოკითხავენ გადაცემის წამყვანს ლევან თორიასა და სტუმარს ნიკოლოზ ვაჩეიშვილსაც.

გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში, დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს. ოპოზიციურ პარტიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, დღევანდელ ინციდენტში მონაწილე ადამიანები, ის პირები არიან, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სოფელ რიყეში დაესხნენ თავს. „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში კი გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ დაპირისპირებასთან კავშირი არ აქვთ.

Print